ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანის ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობას ეპიდემიოლოგიური წესები დაცვისკენ მოუწოდებდეს, საომარი რიტორიკით გამოდის
გარწმუნებთ, რომ არანაირი პროვოკაციული ქმედება ჩვენი მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ მოსახლეობას მოუწოდონ, დაიცვან ეპიდემიოლოგიური წესები, აზერბაიჯანის ხელისუფლება საომარი რიტორიკით გამოდის.
„აზერბაიჯანის ხელისუფლება ომისკენ აკეთებს მოწოდებას, თითქოს არმენოფობია კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო გზაა. გარწმუნებთ, რომ არანაირი პროვოკაციული ქმედება ჩვენი მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება გუშინ დაიწყო. აზერბაიჯანული მხარე სამი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ დანაკარგი არ აქვთ.
ამასთან, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა დღეს განცხადებები გაავრცელეს, სადაც ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.