ნიკოლ ფაშინიანი - მზად ვართ, განვიხილოთ თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, რაც იქნება პოზიტიური არა მხოლოდ რეგიონული ვითარებისთვის, უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო დონეზეც
მიწისძვრა ვიდრე მოხდებოდა, სპეციალური წარმომადგენლის საშუალებით ჩვენ გვქონდა თურქეთთან პოლიტიკური დიალოგი, მზად ვართ, განვიხილოთ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, რაც იქნება ძალიან პოზიტიური არა მხოლოდ რეგიონული ვითარებისთვის და უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო დონეზეც, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
დისკუსიის სპიკერმა, კრისტოფ ჰეუსგენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს მიმართა კითხვით: „სომხეთსა და თურქეთს მრავალი წელია, რაც ურთიერთობები ასეთ მდგომარეობაში აქვთ. ახლა რა სტატუსი აქვს თქვენს ურთიერთობებს? იმ კატასტროფის ფონზე, რაც თურქეთსა და სირიაში მოხდა, თქვენს ურთიერთობებში რაიმე შეიცვალა?“ რაზეც ფაშინიანმა განაცხადა:
„გადაწყვეტილება, რომ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება და მაშველები გაგვეგზავნა, დაფუძნებული იყო მხოლოდ ჰუმანიტარულ მოტივზე, რადგან ამ ტრაგედიის ქვეშ მილიონობით ადამიანი მოექცა. ამან პოლიტიკური შედეგებიც მოიტანა, გაუმჯობესდა ურთიერთობები, მაგრამ ჩვენი თავდაპირველი მოტივაცია იყო მხოლოდ ჰუმანიტარული. როგორც განვაცხადეთ, მზად ვართ, რაც შეიძლება მეტი ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ ქვეყანას, რაც შეგვიძლია, იმის ფარგლებში. რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, ვიდრე მიწისძვრა მოხდებოდა, ჩვენ გვქონდა პოლიტიკური დიალოგი სპეციალური წარმომადგენლის საშუალებით. მიმაჩნია, რომ, რეალურად, ეს დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იცით, რას ვგულისხმობ? ატმოსფეროს შექმნისთვის, ამ გადაწყვეტილების მისაღებად, მიმაჩნია, რომ ამ ჰუმანიტარული საუბრით, შეიძლება, გაჩნდეს შესაძლებლობა კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისთვის. ჩვენ მზად ვართ, გავითვალისწინოთ, განვიხილოთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება თურქეთთან და საზღვრების გავხსნათ, რაც იქნება ძალიან პოზიტიური არა მხოლოდ ჩვენი რეგიონული ვითარებისთვის და უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო დონეზეც“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.