ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ „მთიანი ყარაბაღიდან დევნილი მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი, ნებსით თუ უნებლიეთ, საფრთხეს უქმნის სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას“
ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ „მთიანი ყარაბაღიდან დევნილი მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი, ნებსით თუ უნებლიეთ, საფრთხეს უქმნის სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას“

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღიდან დევნილი გარკვეული წრეები, ნებსით თუ უნებლიეთ, დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ სომხეთს ერთი მთავრობა ჰყავს და ის ახლა ამ დარბაზშია. მინდა, ეს გზავნილი მკაფიოდ დააფიქსიროთ და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა იყოს მიღებული შესაბამისი ზომები, რომ გარე ძალების გარკვეულმა წრეებმა ასევე არ გამოიყენონ ეს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შესაქმნელად. რა გამოდის, რომ ყველას შეუძლია ბინის დაქირავება და აბრის ჩამოკიდება წარწერით – „რაღაც მთავარობა“. უკაცრავად, მაგრამ მსგავსი ქმედებები სახელმწიფოს მისამართით პატივისცემის ხაზს კვეთს, სხვა ლოგიკას იძენს და არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს სომხეთის მხრიდან“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ეს განცხადება ფაშინიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ფრანგულ გამოცემა „ლე ფიგაროში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ სამველ შახრამანიანთან, რომელმაც ჟურნალისტის კითხვაზე „არსებობს თუ არა მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო და მისი გახიზნული მთავრობა?“ ასე უპასუხა: „დიახ, შენობაში, სადაც თქვენ ახლა გმასპინძლობთ, ერევანში მდებარეობს არცახის პრეზიდენტის ოფისი, ასევე სასამართლო და საკანონმდებლო სტრუქტურების ოფისები“.

ცნობისთვის, შახრამანიანმა შარშან სექტემბერში ხელი მოაწერა ბრძანებას თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ყველა უწყების თვითლიკვიდაციის შესახებ.