ნიკოლ ფაშინიანი - მე და ჩემი მთავრობა ერთგულნი ვართ, რეგიონში კონფლიქტის გვერდი დავხუროთ, სომხეთი მზადაა, ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, მოაწეროს ხელი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების უკვე შეთანხმებულ პუნქტებს და ეს ბაქოში დაგეგმილ გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციამდე გააკეთოს.
სომხური მედიის ცნობით, აღნიშნული განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„მშვიდობას სჭირდება ლიდერობა და გულწრფელი პოლიტიკური სიმამაცე. მე და ჩემი მთავრობა ერთგულნი ვართ, ჩვენს რეგიონში კონფლიქტის გვერდი დავხუროთ და გარდავქმნათ არსებული დინამიკა თანამშრომლობად კეთილდღეობისთვის, სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. სომხეთი მზადაა, ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან. სომხურმა მხარემ შესთავაზა ბაქოს, მოვაწეროთ ხელი უკვე შეთანხმებულ მუხლებზე ბაქოში დაგეგმილ გაერო-ს კლიმატურ კონფერენციამდე, რითაც შეიქმნება ხელშემწყობი გარემო სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი ასევე მზადაა, გააგრძელოს მუშაობა საზღვრების დელიმიტაციაზე.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხრიდან ძლიერი და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სომხეთის ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია რეგიონში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევისკენ, უაღრესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ფაშინიანმა.