ნიკოლ ფაშინიანი -„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ უარს ამბობს სომხეთში თავისი პასუხისმგებლობის ზონის განსაზღვრაზე
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ უარს ამბობს სომხეთში თავისი პასუხისმგებლობის ზონის განსაზღვრაზე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, შეიძლება გამოყენებული იყოს ლოგიკა, რომლის მიხედვითაც, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დგება. ფაშინიანის თქმით, არ გამოაცხადებს რაიმე სტრატეგიულ პოლიტიკურ ცვლილებებს, ვიდრე არ გამოაცხადებენ ან გადაწყვეტენ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“ გასვლას.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა უარი არ თქვა ორგანიზაციის მისიის გაგზავნაზე, მაგრამ იკითხა, თუ სად აგზავნიდნენ მისიას.
„მათ თქვეს: სომხეთში და ჩვენ ვუთხარით: გვიჩვენეთ სომხეთი, რომელიც თქვენ წარმოგიდგენიათ, მათ არ გვაჩვენეს, ჩვენ ვაჩვენეთ სომხეთი, ჩვენ ვთქვით, რომ ასეთი და ასეთი ოქმი უნდა შედგეს, რაც „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ“ არ გააკეთა. ვინაიდან ის არ შეადგინა, ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ასეთი მისია, რადგან გამოვა, რომ ჩვენ ვაკანონებთ ბუნდოვან აზრს სომხეთის შესახებ და ამ პირობებში ვაკანონებთ აზერბაიჯანის შემოჭრას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.