ნიკოლ ფაშინიანი - ხვალ აქციები საყოველთაო სამოქალაქო პროტესტის სახით გაგრძელდება
ნიკოლ ფაშინიანი - ხვალ აქციები საყოველთაო სამოქალაქო პროტესტის სახით გაგრძელდება

„ხვალ ჩვენი აქციები საყოველთაო სამოქალაქო პროტესტის სახით გაგრძელდება“, – ამის შესახებ პირველ არხს სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა განუცხადა.

ფაშინიანი სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად არ აირჩია. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სომხეთის ოპოზიციის ლიდერი აქციაზე მივიდა და დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა. მან ხვალ მთელს სომხეთში საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.

ფაშინიანის კანდიდატურას 45-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო 55 წინააღმდეგი იყო. პრემიერის თანამდებობაზე ასარჩევად ფაშინიანს სულ მცირე 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

განმეორებითი კენჭისყრა ერთ კვირაში უნდა გაიმართოს. თუ პრემიერის არჩევა მაშინაც ვერ მოხერხდება, 40-დღიან ვადაში პარლამენტის ვადამდელი არჩევნები უნდა გაიმართოს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დღეს მხოლოდ ერთი, ნიკო ფაშინიანის კანდიდატურა იყო წარდგენილი. კანონმდებლობით შესაძლებელია, განმეორებითი კენჭისყრის დროს სხვა კანდიდატებიც დასახელდეს.