ნიკოლ ფაშინიანი - გაუმარჯოს სომხურ-ქართულ მეგობრობას, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ თავისუფალ და ბედნიერ სამშობლოში
გაუმარჯოს თავისუფლებას, სომხურ-ქართულ მეგობრობას, საქართველოს სახელმწიფოს და სომხეთის რესპუბლიკას, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ თავისუფალ და ბედნიერ სამშობლოში, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა.
მან სომხეთსა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილე მიულოცა.
„თბილისი ნამდვილად ჩვენი ხალხების ერთობლივი ცხოვრების ისტორიის ენერგიით აღსავსე ქალაქია. ჩვენი ხალხები ფესვებით არიან დაკავშირებული ერთმანეთთან და ჩვენ დღეს ვალდებულნი ვართ ამ ისტორიის წინაშე, შევქმნათ ერთობლივი ბედნიერი და თავისუფალი მომავალი. სომხეთის პირველი რესპუბლიკის შექმნის ისტორია ნამდვილად სულისკვეთების გამარჯვების ისტორიაა. საქართველო და სომხეთი თითქმის ერთდროულად ზეიმობენ პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს. ვულოცავ სომხეთის პირველ რესპუბლიკას, ვულოცავ ძმურ საქართველოს, ქართველ ხალხსა და ძმურ საქართველოს მთავრობას 100 წლის იუბილეს. ვულოცავ ყველას, რომ ჩვენ საუკუნის განმავლობაში, სიძნელეების მიუხედავად აქამდე მოვაღწიეთ. ახლა უკვე ჩვენი ბედისწერა ჩვენს ხელშია და ჩვენ ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებთ, ვინაიდან ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. გაუმარჯოს თავისუფლებას, სომხურ-ქართულ მეგობრობას, საქართველოს სახელმწიფოს და სომხეთის რესპუბლიკას, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ თავისუფალ და ბედნიერ სამშობლოში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
საზეიმო მიღებას თბილისის საკრებულოში საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წევრები, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.