ნიკოლ ფაშინიანი - გარკვეული ძალები სომხეთის ომში ჩართვას ცდილობენ, ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა არც შიდა და არც გარე ძალებს, სომხეთის სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ დააყენონ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, გარკვეული ძალები სომხეთის ომში ჩათრევას ცდილობენ. მისი თქმით, ისინი არ მისცემენ საშუალებას არც შიდა და არც გარე ძალებს, სომხეთის სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ დააყენონ.
ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის მიერ დაწყებული „ანტიტერორისტული ოპერაციის“ საპასუხოდ განაცხადა.
„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის დაბომბვა დაიწყეს, პრაქტიკულად, მთელ ტერიტორიაზე, ასევე გარკვეული დროის წინ დაიწყეს ოპერაცია მთიანი ყარაბაღის შეხების ხაზის გასარღვევად და პოზიციების, გარკვეული მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის დასახლებული პუნქტების ასაღებად.
აზერბაიჯანმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდისთვის. სომხეთს არავისთვის მიუნიჭებია მანდატი მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის ჩასატარებლად. გარკვეული ძალები, როგორც შიდა, ისე გარე, სომხეთის ომში ჩართვას ცდილობენ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში არ არიან. მათ ეს არ გამოუვათ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, კერძოდ, ემოციური თვალსაზრისით, ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა გარკვეულ ძალებს, არც შიდას და არც გარეს, სომხეთის სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ დააყენონ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს განაცხადა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.
ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.