ნიკოლ ფაშინიანი - ფაქტია, რუს სამშვიდობოებს არ შეეძლოთ ან არ სურდათ მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
ფაქტია, რომ რუს სამშვიდობოებს არ შეეძლოთ ან არ სურდათ მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ვოლ სთრით ჯორნალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ფაშინიანი ასევე შეეხო ყარაბაღელი სომხების მომავალ ბედს და აღნიშნა, რომ მათ თუ არ ექნებათ შესაძლებლობა ან სურვილი, დაბრუნდნენ მთიან ყარაბაღში, სომხეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ისინი სომხეთში დარჩნენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სომხეთი შეიძლება იყოს მშვიდობიანი, თუ რეგიონი იქნება მშვიდობიანი.
„არ შეიძლება იყოს სიტუაცია, რომ რეგიონი არ იყოს მშვიდობიანი, მაგრამ სომხეთი იყოს მშვიდობიანი. ამიტომ ჩვენ არანაირად არ ვუპირისპირებთ და არ გამოვყოფთ ჩვენს იდეებს მშვიდობის შესახებ რეგიონული მშვიდობის ინტერესებისგან“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.