ნიკოლ ფაშინიანი - ერის წინაშე მართალი ვარ
ნიკოლ ფაშინიანი - ერის წინაშე მართალი ვარ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერევნის ქუჩებში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაბრუნდნენ სახლებში. შესაბამისი განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით გაავრცელა.

„ვთხოვ ყველა მოქალაქეს, რომელსაც ჩემი და ჩვენი სჯერა, მოემზადეთ ბრძოლისთვის. არც ერთი წამით არ შეგეპაროთ ეჭვი, რომ ჩვენ არაკეთილსინდისიერად არ მოვქცეულვართ. მე არ გამიფორმებია არანაირი შეთანხმება და არ მოვქცეულვარ ისე, რომ არ მქონდეს ყველა შეკითხვაზე პასუხი. მე ერის წინაშე მართალი ვარ“, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. სომხეთის პრემიერმა მოგვიანებით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

შეთანხმებას ზეიმი მოჰყვა ბაქოს ქუჩებში. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც, რომლის თქმით, „ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია“. ალიევის განმარტებით, შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს მთიან ყარაბაღში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია წარმოადგენს.

უკვე გამოქვეყნდა გაფორმებული შეთანხმების ტექსტიც. ცხრაპუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მთიან ყარაბაღში 2 000-მდე რუსი სამხედროს განლაგებას ითვალისწინებს.