ჯარედ კუშნერი – ევროპის მხრიდან გარკვეულ ძვრებს ვხედავთ, ისინი გამოხატავენ მოლაპარაკებებში მონაწილეობის სურვილს, ასევე სურვილს, დაასრულონ ეს კონფლიქტი

18:49, 12.11.2026

კრემლში, უკვე ორ საათზე მეტია, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

რუსული მედიის ცნობით, ამერიკულმა დელეგაციამ შეხვედრაზე აბუ დაბის სამმხრივი მოლაპარაკებები, კრემლში დაგეგმილი დისკუსიის მიზნები, მოლაპარაკებათა პროცესში ევროპის ჩართულობა და დუბლინში ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილი შეხვედრა შეაფასეს.

რუსული მედიის ცნობით, სტივ უიტკოფმა დადებითად შეაფასა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული სამმხრივი შეხვედრა და აღნიშნა, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ეფექტურად მუშაობდნენ.

„მიგვაჩნია, რომ აბუ დაბიში შეხვედრამ პოზიტიურ ატმოსფეროში ჩაიარა. შევამჩნიეთ, რომ რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები ერთმანეთთან აქტიურად მუშაობდნენ. რუსეთის წარმომადგენლები უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად ერთ მაგიდასთან ისხდნენ პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების დეტალურად განსახილველად“, – განაცხადა უიტკოფმა.

მისივე შეფასებით, რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილი ტყვეთა გაცვლა კონფლიქტის დარეგულირების კუთხით წინსვლაზე მიუთითებს.

„ეს იმის მაჩვენებელია, რომ კონფლიქტის გადაჭრაში პროგრესს ვაღწევთ“, – აღნიშნა უიტკოფმა.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, ვლადიმერ მედინსკის კონფლიქტის დაწყებიდანვე გაწეული მუშაობისა და აბუ დაბის მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მსურს, მადლობა გადავუხადო ბატონ მედინსკის აბუ დაბიში გაწეული მუშაობისთვის. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ამ კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობისთვის. ამ მიმართულებით, რამდენიმე წელია, მუშაობთ. მადლობას გიხდით ამ კონფლიქტის გადაჭრის გზების მოძიებისადმი თქვენი პირადი ერთგულებისთვის“, – მიმართა უიტკოფმა მედინსკის.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის წარმომადგენლები უშუალოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ისხდნენ, თუმცა პროცესის შესახებ ინფორმირებული იყვნენ.

„ევროპელი წარმომადგენლები არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში ფიზიკურად იმყოფებოდნენ, თუმცა ჩვენთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ისხდნენ. მათთან კონსულტაციები გავმართეთ, ვესაუბრეთ და ვუთხარით, რას განვიხილავდით“, – განაცხადა სპეციალურმა წარმომადგენელმა.

უიტკოფის თქმით, მოსკოვში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯარედ კუშნერთან ერთად ირლანდიაში გაემგზავრებიან, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და გადასცემენ მას, „რა შედეგები მივიღეთ დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში“.

თავის მხრივ, ჯარედ კუშნერმა იმედი გამოთქვა, რომ კრემლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის კონფლიქტის დასრულების გზებს განიხილავენ, რის შემდეგაც დიალოგი უკრაინის პრეზიდენტთან გაგრძელდება.

„იმედი მაქვს, დღეს შევძლებთ, განვიხილოთ ზოგიერთი სფერო, რომლებშიც შესაძლებლობებს ვხედავთ, და ვიპოვოთ გზები ახალი წინადადებებისკენ. შევეცდებით ვნახოთ, მოვახერხებთ თუ არა ერთად პროგრესის მიღწევას“, – განაცხადა კუშნერმა ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრისას.

კუშნერის შეფასებით, სამშვიდობო პროცესში ევროპული ქვეყნების ჩართვა კონფლიქტის წარმატებით დასრულებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ძვრებს ევროპის მხრიდან, ვხედავთ, ისინი გამოხატავენ მოლაპარაკებებში მონაწილეობის სურვილს, გამოხატავენ სურვილს, დაასრულონ ეს კონფლიქტი. ვიმედოვნებთ, რომ თუ შევძლებთ მათ მოზიდვას ამ მრავალმხრივ ფორმატში მონაწილეობისთვის, წარმატებით დავასრულებთ ამ კონფლიქტს“, – აღნიშნა კუშნერმა.

ტრამპის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ევროპულ ქვეყნებთან უკვე დაიწყო კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურის განხილვა, რომელიც რუსეთსა და უკრაინასაც მოიცავს.

„მათთან დავიწყეთ იმის განხილვა, როგორი იქნება უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც მოიცავს რუსეთს, უკრაინასა და ევროპის მთელ კონტინენტს და რომელიც არა მხოლოდ მიმდინარე კონფლიქტის დასრულების საშუალებას მოგვცემს, არამედ არ დაუშვებს ახალს“, – განაცხადა კუშნერმა.

მსგავსი