ნიკოლ ფაშინიანი - ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა არის ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი გარანტი
ნიკოლ ფაშინიანი - ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა არის ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი გარანტი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი განცხადებებისას, მისი და სომხური დელეგაციის ყველა წევრის სახელით, გიორგი გახარიას საქართველოში მოწვევისა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვენლოვანესი საკითხია.

ფაშინიანის თქმით, მრავალსაუკონოვანი მეგობრობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობას ეფუძნება, საქართველო-სომხეთს შორის თანამშრომლობას მყარ საფუძველს უქმნის.

ფაშინიანის განმარტებით, დღეს ახალი ფაქტორები გაჩნდა, რომლებიც ორ ქვეყანას შორის მეგობრობას განუყოფელს ხდის და თანამშრომლობის მისწრაფებას უფრო აძლიერებს.

„მრავალჯერ აღმინიშნავს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვენლოვანესი საკითხია. დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. ეჭვგარეშეა, რომ მრავალსაუკონოვანი მეგობრობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ისტორიულ მემკვიდრეობას, მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს თანამშრომლობას. დიდი კმაყოფილებით ვაფიქსირებ, რომ დღეს ახალი ფაქტორები გაჩნდა, რომლებიც ჩვენს მეგობრობას განუყოფელს ხდის და კიდევ უფრო აძლიერებს თანამშრომლობის ჩვენს მისწრაფებას. ეს უპირველეს ყოვლისა დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული მომავლის აშენების ჩვენი  ხალხების საერთო ხედვაა, რომელიც ჩვენში წარუშლელია და რწმენის ძალა აქვს. მართლაც დემოკრატიის გამარჯვებამ და კანონის უზენაესობის დამკვიდრებამ ახალი ჰორიზონტები გაშალა ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების გასაფართოებლად“ ,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანის განმარტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ისაუბრეს ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვადასხვა სფეროს პერსპექტივებზე, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მნიშვნელობას.

„დღეს ჩემსა და ბატონ გახარიას შორის გამართული მოლაპარაკებები გასული წლის ოქტომბერში, ერევანში დაწყებული მოლაპარაკებების გაგრძელებაა. სიხარულით გავუსვით ხაზი, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, გასული წლის ივნისში ერევანში  ჩატარდა მთავრობათშორისი სხდომა. ვისაუბრეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვადასხვა სფეროს პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მნიშვნელობას, საუბარია არა მხოლოდ სახმელეთო მარშრუტებზე, არამედ ელექტროენერგეტიკულ და ტელეკომუნიკაციურ კავშირებზე. მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიებს, განათლებასა და მეცირებას ეხება. ხაზი გაესვა ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გამყარებას, ასევე ორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კავშირის გაძლიერებას. შევეხეთ რეგიონალურ უსაფრთხოებას და მშვიდობას. ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა არის ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი გარანტი“ ,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერის თქმით, რეგიონალური საკითხების მოგვარების ერთადერთი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია და მას ალტერნატივა არ აქვს.

„მინდა, ღრმა რწმენა გამოვხატო, რომ რეგიონალური საკითხების მოგვარების ერთადერთი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია და ალტერნატივა არ აქვს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ კონფლიქტს აქვს თავისი თავისებურებები და ამ თვალსაზრისით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მგრძნობიარე საკითხებზე დაბალანსებული პოზიციის შენარჩუნებას. სომხურ-ქართული ტრადიციული ურთიერთობების გამყარების კონტექსტში, ხაზს ვუსვამ საქართველო-სომხეთის მნიშვნელოვან ღვაწლს მის განვითარებაში. მადლიერი ვართ საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული ნაბიჯებისთვის, ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას  ვუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრს სომხური დელეგაციის მიღების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის“ ,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.