სომხეთის ოპოზიციის ლიდერი დღეს რუს დეპუტატებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლ ფაშინიანის პარტიის პრესმდივანმა ტიგრან ავინიანმა განაცხადა. მას არ დაუსახელებია იმ დეპუტატების ვინაობა, ვისთანაც მოლაპარაკებებია დაგეგმილი.
მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ფაშინიანი დღეს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ერევანში მდებარე საფრანგეთის მოედანზე მივა, საიდანაც 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლებს და მხარდამჭერებს მიმართავს.
შეგახსნებთ, რომ ერევანში დემონსტრაციები მარტის ბოლოდან დაიწყო. ოპოზიცამ და მისმა მხარდამჭერებმა პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის გადადგომას მიაღწიეს. თუმცა, როგორც ფრაქცია „ელქსის“ წევრი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციები გაგრძელდება, ვიდრე სომხეთის პრემიერად ოპოზიციის კანდიდატს არ აირჩევენ და ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება.
პრემიერ-მინისტრის არჩევნები პარლამენტში პირველ მაისს არის დანიშნული. ამ თანამდებობზე სამი ფრაქცია მხარს ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას უჭერს. მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ ისინი საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენენ.