ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ არ ვიცნობთ საერთაშორისო დიპლომატიური მექანიზმების მსოფლიო წესრიგს, რადგან ჩვენ არ ვიყავით სახელმწიფო, არამედ ვიყავით თამაშების საგანი
ჩვენ არ ვიცნობთ საერთაშორისო დიპლომატიური მექანიზმების მსოფლიო წესრიგს, რადგან ჩვენ არ ვიყავით სახელმწიფო, არამედ ვიყავით თამაშების საგანი, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პარლამენტში განაცხადა.
„ყოველთვის გვეჩვენებოდა, რომ სადღაც არსებობდნენ კეთილი ძალები და ბოროტი ძალები და კარგებთან თუ ვმეგობრობდით, გავიმარჯვებდით. არავინ არის კეთილი და ბოროტი, ყველას აქვს ჰუმანიზმის პრობლემა თავისი მოქალაქეების მიმართ და ეს არის პირველი პრობლემა”, – აღნიშნა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის მთავრობა ატარებს დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოების ერთი გარანტიაა არის მშვიდობა და ნორმალური ურთიერთობა მეზობლებთან.
„როდესაც 3+3 ფორმატში ჩვენი მონაწილეობის საკითხი გადაწყდა და გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ეს გადაწყვეტილება სერიოზულ კრიტიკას ექვემდებარებოდა, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს ხაზს უსვამს ჩვენი საგარეო პოლიტიკის რეგიონულ განზომილებას. ჩვენი ურთიერთობა ირანთან ნორმალურია და არა პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოსთან ურთიერთობაზეც. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოწესრიგებაზე. ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში მთელი საგარეო პოლიტიკური ტვირთი ჯარისკაცების მხრებზე განვათავსეთ. ასე არ ხდება. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება, მაგრამ არა მხოლოდ ჯარისკაცებით და ჯარით, არამედ ჩვენი პოლიტიკით, ეკონომიკით, სოციალური ფსიქოლოგიით, ჩვენი მიდგომებით, დავემორჩილოთ თუ არა პროვოკაციებს”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყარაბაღის საკითხი სომხეთს კისერზე ხუნდის სახით ჰქონდა შემოჭერილი, რომელსაც მრავალი ქვეყანა იყენებდა.