ნიკოლ ფაშინიანი - ცეცხლის შეწყვეტას არმია ითხოვდა, რადგან ყველა რესურსი ამოიწურა
ცეცხლის შეწყვეტას არმია ითხოვდა, რადგან ყველა რესურსი ამოიწურა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სამხედრო რესურსები სრულად ეფექტური არ იყო, რადგან ჯარისკაცების ნაწილს ფრონტის ხაზზე მთელი თვის განმავლობაში არ დაუსვენიათ.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, მთიან ყარაბაღში გარკვეული სახის შეტაკებები ჯერ ისევ გრძელდება, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში შეწყდება.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის ფრონტის ხაზზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები შეჩერებულია.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. სომხეთის პრემიერმა მოგვიანებით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
უკვე გამოქვეყნდა გაფორმებული შეთანხმების ტექსტიც. ცხრაპუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მთიან ყარაბაღში 2 000-მდე რუსი სამხედროს განლაგებას ითვალისწინებს.