ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანი კვლავ ცდილობს სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარებას
ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანი კვლავ ცდილობს სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარებას

აზერბაიჯანი კვლავ ცდილობს სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარებას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, 13 თებერვალს სასაზღვრო ზონაში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი აზერბაიჯანის დესტრუქციული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ბაქოდან გაჟღერებული განცხადებები სომხეთის კანონმდებლობასთან დაკავშირებით სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის დარღვევა და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაა.

„კომენტირების მცდელობას, რომ სომხეთის კანონმდებლობაში არის რაიმე დებულება, რომელიც ხელს უშლის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. როგორც უკვე ვთქვი, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დროს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიეს შეთანხმებას მთელ რიგ მუხლებზე და ერთ-ერთი მათგანია, რომ მხარეებს არ შეუძლიათ, მიმართონ თავიანთ კანონმდებლობას სამშვიდობო ხელშეკრულების რომელიმე დებულების შესრულებაზე უარის თქმის მიზნით. შესაბამისად, სომხეთის კანონმდებლობაში არ არსებობს დებულება, რომელიც აფერხებს სამშვიდობო ხელშეკრულების განხორციელებას. ეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ საექსპერტო შეფასებაა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.