ნიკოლ ფაშინიანი - არ უნდა თქვათ: „ოჰ, აზერბაიჯანი 50 მეტრშია“, არამედ უნდა ვთქვათ: „რა კარგია, რომ აზერბაიჯანი 50 მეტრშია, იქ ვივაჭრებთ, ავაშენებთ ეკონომიკას“
არ უნდა თქვათ: „ოჰ, აზერბაიჯანი 50 მეტრშია“, არამედ უნდა ვთქვათ: „რა კარგია, რომ აზერბაიჯანი 50 მეტრშია, იქ ვივაჭრებთ, ავაშენებთ ეკონომიკას”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ტავუშის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ამასთან, როგორც სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, არ შეუძლია თქმა, რომ ვითარება ასი პროცენტით სწორედ ამ გზით წარიმართება, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ 90 და მეტი პროცენტის მიღწევა შესაძლებელია.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, თუ ასეთი ნაბიჯები არ გადაიდგმება, ეს იქნება გარანტია, რომ რეგიონში ახალი აფეთქება მოხდება.
“არის უფლება, არის კანონი, არის ხაზი, ჩვენ წავიდეთ და დავდგეთ ამ ხაზზე. ამ ხაზზე დგომით, 100-ჯერ უფრო ძლიერი ვიქნებით, ვიდრე დღეს ვართ. ჩვენ არ ვსაუბრობთ ორმხრივ დათმობებზე, ჩვენ ვსაუბრობთ სომხეთის რესპუბლიკის, როგორც სახელმწიფოს 100-ჯერ გაძლიერებაზე. არმავირის რაიონის სოფელ მარგარაში, სახლებიდან 50 მეტრში თურქეთი და თურქეთის ჯარები არიან, ჩვენი მიზანია, ასეთივე ვითარება შევქმნათ ტავუშშიც”, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრი დაეთანხმა სოფლის ერთ-ერთი მცხოვრების განცხადებას, რომ „თურქების ნდობა არ შეიძლება“.
“მართალი ხართ. და ამიტომ, ჩვენ, ყველას, გვინდა ამის გაკეთება. ჩვენ გვინდა დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ორმხრივ ვალდებულებებს. ამას თუ არ გავაკეთებთ, ასი პროცენტით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას. პროცესი გრძელდება, ჩემი ოპტიმიზმი იზრდება. ამ გზას თუ არ გავყვებით, ვერაფერს მივაღწევთ, მაგრამ ამ გზით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი და რაც უფრო თავდაჯერებულად ვივლით, მით უფრო დიდია ალბათობა, მივაღწიოთ რაღაცას”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.