ნიკოლ ფაშინიანი - ახლა ევროკავშირი რეალურად ჩვენი რეგიონია და ამასთან დაკავშირებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას
ახლა ევროკავშირი რეალურად ჩვენი რეგიონია და ამასთან დაკავშირებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში „სამთავრობო საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, რეგიონში ბევრი მნიშვნელოვანი რეალობა შეიცვალა და ერთ-ერთი მათგანია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
„სომხურ-ქართული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციასთან დაკავშირებით შემიძლია, ვთქვა, რომ იქ არსებითად ყველა მიმართულებაა გაწერილი. ამით გამოხატულია ორი ქვეყნის მთავრობების ნება, წინ წავიდნენ მთელ ამ დღის წესრიგში“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.