სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ მან „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს სომხეთისთვის ყველაზე მთავარი საკითხი უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის დასტაბილურებაა.
„შემიძლია ხალხის მიერ მონიჭებულ სტატუსზე უარის თქმა, მხოლოდ ხალხის ნების გამოხატვის საფუძველზე, სანამ ასეთი გამოხატვა არ არსებობს, გავაგრძელებ პრემიერ-მინისტრის ფუნქციების შესრულებას. ვალდებულება ავიღე, პატიოსნად შევასრულე პრემიერ-მინისტრის მოვალეობა. ახლა მთავარი ამოცანა სომხეთში სიტუაციის დასტაბილურებაა და ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
სომხეთში, პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება გააფორმეს.