ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ერთ თვეში მოაწეროს ხელი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანა მზად არის, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ერთ თვეში მოაწეროს ხელი.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოსაწერად თითქმის მზადაა.
„ეს ნიშნავს, რომ, ჩვენი შეფასებით, სამშვიდობო ხელშეკრულების ამჟამინდელი ტექსტი საკმაოდ მომწიფებულია და შეიძლება შესწორდეს საბოლოო შტრიხები, მოვიყვანოთ იგი საბოლოო ფორმაში, ადრე დადასტურებული ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე და მოვაწეროთ ხელი. თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოფიციალური ბაქო პრაღის შეთანხმებებისა და ალმათის დეკლარაციის ერთგულია. ჩვენ ეს პრინციპები დავადასტურეთ ბრიუსელის, სოჭისა და პრაღის განცხადებებში“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშე ბაქო არ მოაწერს ხელს სამშვიდობო ხელშეკრულებას.
„სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, თუ სომხეთის მოქმედი კონსტიტუცია უცვლელი დარჩება, უბრალოდ, შეუძლებელია“, – თქვა ილჰამ ალიევმა.