ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესაძლებლობას განიხილავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი რეალურად აფართოებს თავის დღის წესრიგს ევროკავშირთან ურთიერთობაში და შესაძლო წევრობის საკითხი უკვე პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი გახდა.
„ეს არ არის მარტივი საკითხი, მაგრამ ის გახდა სომხეთის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ამიტომ აუცილებელია, ამ თემას დეტალურად და ყოვლისმომცველად მივუდგეთ, მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირში ჩვენი პარტნიორების შენიშვნებისა და რჩევების მოსმენა“, – განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.
ფაშინიანი მოხარულია, რომ ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობებში ცვლილებები შეინიშნება.
„დაწყებულია მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, მიღებულია გადაწყვეტილება ევროპული მშვიდობის ფონდის მიერ სომხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის შესახებ, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, 9 სექტემბერს ევროკავშირმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.