ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ერევანმა ბაქოს სამშვიდობო შეთანხმების ახალი წინადადებები გადაუგზავნა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ერევანმა ბაქოს სამშვიდობო შეთანხმების ახალი წინადადებები გადაუგზავნა. ამის შესახებ განაცხადება სომხეთის მთავრობის მეთაურმა 24 აგვისტოს გამართულ სხდომაზე გააკეთა.
„მინდა, დავადასტურო, რომ სომხეთი ერთგულია მშვიდობიანი დღის წესრიგის. მინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენ აზერბაიჯანულ მხარეს გადავუგზავნეთ ახალი წინადადბები, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ეხება“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავაც დაძაბულია.
„ერთადერთი ცვლილება სიტუაციაში არის ის, რომ წითელი ჯვრისა და რუსი სამშვიდობოების მეშვეობით ლაჩინის დერეფანში დაიწყო იმ მოქალაქეების გარკვეული მოძრაობა, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა, ასევე სხვა პირებისაც. ასევე, ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ მუშავდება გეგმა, რათა ლაჩინის დერეფანი ცალმხრივად გაიხსნას, ანუ მთიან ყარაბაღში ჩასვლა დაშვებული იქნება, მაგრამ გამოსვლა – არა.
ცნობისთვის, ლაჩინის დერეფანი არის ერთადერთი გზა, რომლითაც ყარაბაღი სომხეთს უკავშირდება. სომხეთის ხელისუფლება დერეფნის ჩაკეტვაში ბაქოს ადანაშაულებს, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს.
ნიკოლ ფაშინიანმა 16 თებერვალსაც თქვა, რომ სომხეთმა დაასრულა ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის მორიგი ეტაპი და ახალი წინადადებები აზერბაიჯანის მთავრობას გადაეგზავნა.