ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ერევანი ბაქოს სთავაზობს, ხელი მოეწეროს შეთანხმებულ სამშვიდობო დოკუმენტს, რის შემდეგაც შესაძლოა, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ორმხრივ ფორმატში შეხვედრა შესთავაზა.
ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სომხეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამჟამად სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების პროცესი ორმხრივ ფორმატში მიმდინარეობს და ეს, გარკვეულწილად, ეფექტურია.
ფაშინიანი აცხადებს, რომ ვიდრე ამ ფორმატში წინსვლა შესაძლებელია, ამის გაკეთება სწორია.
როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, საკითხი სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთანაც განიხილა.
„ამ ეტაპზე ორმხრივ ფორმატში ვმუშაობთ. ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წინ წავიწიოთ ამ ფორმატში, ვფიქრობ, ის სწორია. ამის შესახებ პირდაპირ და გულწრფელად ვუთხარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსაც ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბრის დროს. მეორე მხრივ, ვერ ვიტყვი, რომ გამოვრიცხავ მუშაობას რაიმე სხვა ფორმატში, თითოეული შემთხვევა უნდა განვიხილოთ ცალკე აღებულ დროის პერიოდში“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ლონდონის სამიტზე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრა არ შედგა, თუმცა ერევანს შეხვედრაზე უარი არ უთქვამს. პირიქით, მან დიპლომატიური არხებით ალიევს ორმხრივი შეხვედრა შესთავაზა.
ფაშინიანის თქმით, ის მზადაა ასეთი კონტაქტებისთვის და არ გამორიცხავს, რომ შეხვედრა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გაიმართოს, სადაც დემარკაციის კომისიების წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს.
გარდა ამისა, ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს შესთავაზა, ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულების უკვე შეთანხმებულ მუხლებს და ფორმულირებებს.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარების პრინციპი, რომელიც უკვე დაფიქსირებულია სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ბოლო პროექტში 17 მუხლია, საიდანაც 13 უკვე სრულად შეთანხმებულია, მათ შორის, პრეამბულაც.
ფაშინიანის თქმით, ერევანი სთავაზობს ბაქოს, ხელი მოეწეროს და მოხდეს იმ დოკუმენტის რატიფიცირება, რაც ამჟამად შეთანხმებულია, და გაგრძელდეს ყველა სხვა შესაძლო საკითხის განხილვა.
„არსებობს ვარაუდი, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც დამყარდება“, – განაცხადა ფაშინიანმა.