ნიკოლ ფაშინიანი - 70 დღეა, ჩაკეტილია ლაჩინის დერეფანი, მთიან ყარაბაღში გვაქვს ჰუმანიტარული, ენერგეტიკული და ბუნებრივი აირის კრიზისი, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ვითარება უნდა მოგვარდეს
70 დღეა, ჩაკეტილია ლაჩინის დერეფანი, მთიან ყარაბაღში გვაქვს ჰუმანიტარული, ენერგეტიკული და ბუნებრივი აირის კრიზისი, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ვითარება უნდა მოგვარდეს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელებს აკისრიათ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა, რომ ლაჩინის დერეფანი ღიად ამუშაონ, მაგრამ ადგილზე განსხვავებული სიტუაციაა.
„უკვე 70 დღეა, ლაჩინის დერეფანი ჩაკეტილია. ჩვენ უკვე გვაქვს ჰუმანიტარული კრიზისი მთიან ყარაბაღში. გვაქვს ენერგეტიკული კრიზისიც, რადგან მთიან ყარაბაღს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ეს მიწოდების ხაზი ჩაკეტილია. იგივე შეიძლება ითქვას ბუნებრივ აირზეც. მიწოდება ამ მიმართულებითაც ჩაკეტილია და ბოლო 70 დღის განმავლობაში 10-ჯერ მაინც გაითიშა მიწოდება. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს სიტუაცია უნდა მოგვარდეს. ჩვენი პოზიცია ასეთია – სამმხრივი განცხადება 2020 წლის 9 ნოემბრით დათარიღებული. არსებობს გარკვეული დათქმები ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით და ამ განცხადების საფუძველზე გვაკისრია ვალდებულება. აზერბაიჯანსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელებს აკისრიათ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა, რომ ლაჩინის დერეფანი ღიად ამუშაონ. მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა ახლა ადგილზე. ლაჩინის დერეფანს რაც შეეხება, ვიტყვი, რომ საერთაშორისო ყურადღება ამ საკითხს არ უნდა მოაკლდეს, რადგან გვაშინებს, რომ ამ სიტუაციის დამძიმებამ შეიძლება, შეუქცევადი ჰუმანიტარული შედეგები მოუტანოს სომხეთს, კონკრეტულად, მთიან ყარაბაღში“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ შეთანხმებაზეც ისაუბრა.
„მთიან ყარაბაღს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს დათქმა და სამმხრივ შეთანხმებაზე ხელი გვაქვს მოწერილი. მათ შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტი აწერს ხელს, სადაც ნახსენებია ლაჩინის დერეფანიც და მთიანი ყარაბაღიც. ნახსენებია, რომ ლაჩინის დერეფანი უნდა იყოს თავისუფლად მოქმედი და აზერბაიჯანის კონტროლს არ უნდა ექვემდებარებოდეს. ახლახან რამდენიმე სომეხი ბავშვი მთიანი ყარაბაღიდან ცდილობდა, ავტობუსით გამგზავრებას ლაჩინის დერეფნის გავლით და გააჩერეს. რამდენიმე აზერბაიჯანელმა, სახედაფარულმა ადამიანმა შეაღწია ავტობუსში და ბავშვები შიშისგან კიოდნენ. ეს იყო ბოლო მცდელობა, როდესაც მთიანი ყარაბაღიდან ადგილობრივი სომეხი მოსახლეობა ცდილობდა, ამ გზაზე გადააადგილებულიყო.
პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, თურმე გაგვინადგურებია მეჩეთები. 2017 წელს აზერბაიჯანში რამდენიმე მეჩეთი განადგურდა ახალი გზების მშენებლობის მიზნით. პრეზიდენტმა ასევე ბრძანა, არ ვიცი, რამდენი ათასი მეჩეთი განადგურდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის პერიოდში აზერბაიჯანში დაახლოებით 1 560 მეჩეთი განადგურდა და ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი საბჭოთა კავშირისთვის სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც. ჩვენთან სომხები ნადგურდებოდნენ, აზერბაიჯანში მეჩეთები ნადგურდებოდა საბჭოთა პერიოდში და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ადგილობრივმა სომეხმა თემმა რატომ უნდა გადაიხადოს იმის ფასი, რაც საბჭოთა კავშირის პერიოდში ხდებოდა. ეს ძალიან საშიში არგუმენტია. ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ აზერბაიჯანს უნდა გარკვეული რელიგიური კონოტაცია მისცეს მთელ ამ სიტუაციას. ეს ძალიან საშიში გზაა. არანაირი რელიგიური კონტექსტი და კონოტაცია ამ კონფლიქტს არ გააჩნია. ჩვენ მუსლიმი უმცირესობაც გვყავს ჩვენს ქვეყანაში, მეჩეთებიც გვაქვს. ეს არის რეალობა, ამიტომ რა აწუხებს აზერბაიჯანს?! თითქმის შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება ასეთ კონტექსტში კაპიტულანტურია.
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა აზერბაიჯანს უნდა, ამბად აჩვენოს, რომ რეალობა ასეთია – აზერბაიჯანმა რევანშისტული პოლიტიკა მიიღო. რევანშისტული პოლიტიკა – და ეს არის აზერბაიჯანის პოლიტიკა, ჩვენ ასე ვფიქრობთ. ძალიან რთული ისტორია გვაქვს გამოვლილი. უკვე ვახსენე, ეს შეხვედრა ნამდვილად არის ისტორიული, მაგრამ რა მიზანი გვინდა, შეასრულოს ამ შეხვედრამ? ცეცხლი ააგიზგიზოს ტოლერანტობის საწინააღმდეგოდ? სიძულვილი წარმოქმნას? აგრესიული რიტორიკა წარიმართოს ჩვენს რეგიონში? თუ პირიქით, გვინდა, რომ ეს თემატური შეხვედრა და დისკუსია გამოდგეს ვითარების გასაუმჯობესებლად. მიგვაჩნია, რომ ეს პლატფორმა უნდა იქნეს გამოყენებული კონსტრუქციული მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ბევრი ამბავი მოვყვეთ, მაგრამ რა იქნება ჩვენი ლიდერობის აზრი? ხალხი, რომელიც გვისმენს, რას ელოდება ჩვენგან, რომ ჩვენი ავტორიტეტი, მანდატი გამოვიყენოთ.
ვამაყობ, რომ ქვეყნის მთავრობამ შეძლო, მათ შორის ამ დამანგრეველი ომის შემდეგაც კი, თავისუფალი არჩევნები ჩაეტარებინა ჩემს ქვეყანაში, რომელიც გლობალურად იქნა აღიარებული, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, რომელიც გამჭირვალე და კონკურენტულ პირობებში ჩატარდა. როგორც ვახსენე, ჩვენი თვალსაზრისით, გადაწყვეტა ამ პრობლების არის დემოკრატიაში, დიალოგში, პატივისცემაში. პატივისცემა ყველა ქვეყნის მიმართ ჩვენს რეგიონში და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.