ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ 5 ოქტომბერს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დოკუმენტს ხელი არ მოეწერება, თუმცა ერევანი ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელმოწერა წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში მოხდეს
5 ოქტომბერს გრანადაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დოკუმენტის ხელმოწერა არ მოხდება, თუმცა ერევანი ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი ხელმოწერა წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში მოხდეს. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევნის მერის არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
5 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში დაგეგმილია ხუთმხრივი შეხვედრა ნიკოლ ფაშინიანის, ილჰამ ალიევის, ემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცისა და შარლ მიშელის მონაწილეობით.
როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, სომხეთი ხელს მოაწერს ისეთ დოკუმენტს, რომელიც იქნება ქვეყნის დაბალანსებული ინტერსების შესაბამისი.
„ჩვენ ვთქვით, რომ მშვიდობიანი დღის წესრიგი ჩვენი პრიორიტეტია და გვსურს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება მალე ხელმოწერა. მაგალითად, წლის ბოლოსთვის ან შემდეგი წლის დასაწყისისთვის. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან ინტენსიური მოლაპარაკებები გაგრძელდება და შესაძლებელი გახდება გამოსავლის პოვნა.
„აშკარაა, რომ მთიან ყარაბაღში უკიდურესი ჰუმანიტარული კრიზისი სამშვიდობო პროცესზე ნეგატიურად აისახება. მიმაჩნია, რომ ჩვენ დავკარგეთ და კვლავ ვკარგავთ ბევრ დროს ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების გამო. ის დრო და ძალები, რომლებსაც ვხარჯავთ უშედეგოდ ამ საკითხის გადაჭრაზე, შესაძლებელი იყო, მიგვემართა სამშვიდობო შეთანხმების განხილვაზე, ეს სიტუაცია რომ არ ყოფილიყო“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.
მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლებლად მიიჩნევს სიტუაციის შეცვლას და წლის ბოლომდე შეთანხმების გაფორმებას.
„ყოველთვის მიმაჩნდა ეს შესაძლებლად, ამიტომაც ავიღე ჩემ თავზე ასეთი შეთანხმების ხელმოწერის პოლიტიკური ვალდებულება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.