ნიკოლ ფაშინიანი ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულ ადამიანთა გამო, ირაკლი ღარიბაშვილს სამძიმარს უცხადებს
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულ ადამიანთა გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სამძიმარს უცხადებს.
„ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა სამძიმარი ბათუმში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო, რომელმაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია. გთხოვთ, გადასცეთ ჩემი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა.
საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებიდან შვიდი გარდაცვლილი ამოიყვანეს. გუშინ გვიან ღამით ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე კი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა. ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც, ექიმების შეფასებით, არის მძიმე.
არსებული ინფორმაციით, მაშველები ნანგრევებში კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა.