ნიკოლ ფაშინაინი აცხადებს, რომ სომხეთის ტერიტორიაზე ამ დრომდე აზერბაიჯანელი სამხედროები რჩებიან
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინაინი აცხადებს, რომ სომხეთის ტერიტორიაზე ამ დრომდე 500-600 აზერბაიჯანელი სამხედრო რჩება. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩვენთვის კარგად ცნობილ მონაკვეთებზე ოპერატიული სიტუაცია არ შეცვლილა, ის კვლავ დაძაბული რჩება. სომხეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ იმყოფებიან აზერბაიჯანელი სამხედროები, დაახლოებით 500-600 ადამიანი, სხვადასხვა მონაკვეთზე“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად დიპლომატიური ძალისხმევა ხორციელდება.
12 მაისს სომხეთში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სინიუქის რაიონში სომხეთის საზღვარი გადაკვეთეს. ამის გამო, სომხეთის მოქმედმა პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფაში დაადანაშაულა. ნიკოლ ფაშინიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა.
აზერბაიჯანში სომხეთის ბრალდებას უარყოფენ. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, ბაქოსა და ერევანს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება და შესაბამისად, სომხეთის მიერ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისადმი მიმართვა უსაფუძვლო იყო.