ნიკოლ ფაშიანი - არცახში ჰუმანიტარული კრიზისია, ამ პირობებში აზერბაიჯანი მძიმე ავადმყოფების გადაყვანის საშუალებასაც კი არ იძლევა
არცახში კრიზისის დასაძლევად აზერბაიჯანს ორ გამოსავალს ვთავაზობ, ბაქო ორივეს უარყოფს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, არცახში ჰუმანიტარული კრიზისია, აზერბაიჯანი კი მძიმე პაციენტების ტრანსპორტირების შესაძლებლობასაც არ იძლევა.
„მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, შეჩერებულია სურსათისა და აუცილებელი საქონლის მიწოდება, დაფიქსირებულია მედიკამენტების მნიშვნელოვანი დეფიციტი. ამ პირობებში აზერბაიჯანი მძიმე ავადმყოფების გადაყვანის საშუალებასაც კი არ იძლევა. ყველაფერი კეთდება, რათა მთიან ყარაბაღში სომხების ცხოვრება შეუძლებელი იყოს. ეს არის ეთნიკური წმენდის პოლიტიკა, რაზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა შექმნილი რთული სიტუაციის დასაძლევად ორი შეთავაზება გააკეთა – საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ლაჩინის დერეფნის გახსნის შესახებ, რაზეც აზერბაიჯანმა უარი თქვა და ასევე, ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგის საერთაშორისო მექანიზმის ამოქმედება, რაზეც სომხეთი და აზერბაიჯანი ვერ მივიდნენ შეთანხმებამდე.