ნიკო თათულაშვილი გაერო-ს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 სესიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 11-13 ივნისს გაერო-ს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 სესიას დაესწრო.
ღონისძიება ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით გაიმართა.
სესიის ფარგლებში შედგა გენერალური დებატები და კონფერენცია თემაზე: „შშმ პირები რისკის შემცველ და საგანგებო სიტუაციებში“. ბიუროს ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნის, საქართველოს სახელით, ღონისძიებებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი უძღვებოდა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, გერტრუდა ოფორივა ფეფოამიდასთან და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ დანიშნულ სპეციალურ მრჩეველთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებში, სარა მინკარასთან.
CRPD კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენცია წარმოადგენს უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმას, სადაც მონაწილე სახელმწიფოები რეგულარულად იკრიბებიან ხელშემკვრელ მხარეთა მიერ კონვენციის იმპლემენტაციისა და აღსრულების საკითხების განსახილველად. კონფერენციაზე სახელმწიფოები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ასევე საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას და გატარებულ რეფორმებს.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.