ნიკი ჰეილი - ირანში მოვლენები შესაძლოა, სირიის სცენარით განვითარდეს
აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ნიკი ჰეილი შიშობს, რომ ირანში მოვლენები, შესაძლოა, სირიის სცენარით განვითარდეს. ამის შესახებ ამერიკელი დიპლომატი წერილობით გავრცელებულ კომენტარში საუბრობს, რომელიც მედიას გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომამდე გადაეცა.
„მსოფლიომ იხილა საშინელება სირიაში, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც რეჟიმმა მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტი აუკრძალა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ირანში განმეორდეს“, – აცხადებს ჰეილი.
ირანში არსებულ ვითარებაზე გაეროს უშიშროების საბჭო დღეს თბილისის დროით ღამის 12 საათზე იმსჯელებს. საგანგებო სხდომა აშშ-ის ინიციატივით გაიმართება.
რუსეთმა აშშ-ის ინიციატივას “მავნე” უწოდა, რასაც გაეროში აშშ-ის ელჩმა უკვე უპასუხა. ნიკი ჰეილის თქმით, თუ რომელიმე ქვეყანა შეეცდება, გაეროში დაგეგმილი დისკუსია ჩაშალოს, ის ამ საქციელით დაემსგავსება ირანს, რომელიც საკუთარი მოქალაქეების “ხმის ჩახშობას” ცდილობს.