ნიკი ჰეილი - დონალდ ტრამპთან იდეალური ურთიერთობა მაქვს
ნიკი ჰეილი - დონალდ ტრამპთან იდეალური ურთიერთობა მაქვს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი აცხადებს, რომ მას პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან იდეალური ურთიერთობა აქვს. მისი ეს განცხადება მოჰყვა თეთრ სახლსა და გაეროში აშშ-ის ელჩს შორის დაპირისპირებას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხს შეეხებოდა.

ჰეილიმ კვირას განაცხადა, რომ ვაშინგტონი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერის გამო რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს ამზადებდა. მიუხედავად ამისა, ტრამპი ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობს, პრეზიდენტმა დამატებითი ზომების მიღება სამომავლოდ გადადო.

თეთრი სახლის ეკონომიკური მრჩევლის ლარი კუდლოუს თქმით, ნიკი ჰეილი, სავარაუდოდ, ვერ გაერკვა ვაშინგტონის გეგმებში და დაიბნა. მის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი გაეროში: „ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მოგახსენებთ, რომ მე არასდროს ვიბნევი“.