მედიის ცნობით, სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტში აღარ არის მითითება სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, რომელიც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების საკითხს უკავშირდება
სომხეთის მთავრობამ ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა.
მედიის ცნობთ, პროექტის პრეამბულაში აღარ არის მითითება სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, რომელიც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების საკითხს უკავშირდება.
ბაქო ამ ჩანაწერს ორ ქვეყანას შორის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევს.
ფაშინიანმა ახალი კონსტიტუციის პროექტის წარდგენასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ პროექტი „უარყოფს სომხეთის 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ლოგიკას, ანუ კონფლიქტის ლოგიკას“.
„2018 წლის სახალხო, არაძალადობრივი, ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად ხელისუფლება ხალხს დაუბრუნდა. ახალი კონსტიტუციის მიღებით სახელმწიფო ხალხს უნდა დაუბრუნდეს, ხოლო ახალი კონსტიტუციის მიღებით მშვიდობა ხალხს უნდა დაუბრუნდეს. ახალი კონსტიტუციის პროექტის მე-8 მუხლში ნათქვამია, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მიზანი მშვიდობის უზრუნველყოფაა. ეს ეპოქალური განცხადებაა და დიახ, ის უარყოფს 1990 წლის 23 აგვისტოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ლოგიკას, ანუ კონფლიქტის ლოგიკას“, – აცხადებს ფაშინიანი.
ნიკოლ ფაშინიანის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ სომხეთი საგარეო ზეწოლას დაემორჩილა.
„არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ აჰყვეთ ცდუნებას, იფიქროთ, რომ ამას საგარეო ზეწოლის გამო ან ვინმე სხვისთვის ვაკეთებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რათა რეალობად ვაქციოთ ჩვენი სახელმწიფოს მდგრადი განვითარების ხედვა და სომხეთის რესპუბლიკის ისეთი პოზიციონირება მოვახდინოთ, რომ მან დაძლიოს ფორპოსტის ლოგიკა. ჩვენი მიზანია, სომხეთის რესპუბლიკა გათხრილი სანგრიდან ვაქციოთ მშვიდობის გზაჯვარედინად, ქვეყნად, რომელსაც ეყოლება არმია, რომელიც შეძლებს, დამოუკიდებლად დაიცვას სახელმწიფოს საზღვრებისა და საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის მთლიანობა“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანი აცხადებს, რომ ამ საკითხზე სრულ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე იღებს.
„ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ თავზე ვიღებ მთელ პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და მორალურ პასუხისმგებლობას და ვაცხადებ, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ ჩვენ არა მხოლოდ ხელს მოვაწერთ და რატიფიცირებას გავუკეთებთ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას, არამედ მივაღწევთ ინსტიტუციურ, მტკიცე, შეუქცევად მშვიდობას. ეს უპრეცედენტო და ისტორიული ვითარებაა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ინსტიტუციურ მშვიდობას მივაღწევთ, არამედ იმიტომაც, რომ ერთდროულად გვექნება მშვიდობაც და დამოუკიდებლობაც, მშვიდობაც და სახელმწიფოებრიობაც. არსებითად, ეს ჩვენი ხალხისთვის სრულიად ახალი ვითარებაა, რადგან, როგორც წესი, აქამდე ან მშვიდობა გვქონდა, ან სახელმწიფო“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანმა ასევე ისაუბრა ყარაბაღის კონფლიქტზე, რომელმაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, „სომხეთი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ზღვართან მიიყვანა“.
„საბჭოთა კავშირის დაშლის წინ, შესაძლოა, სწორედ ამიტომაც წარმოიშვა ყარაბაღის კონფლიქტი, რათა მშვიდობა ოცნებად ქცეულიყო, ხოლო მისი დაბრუნების ოცნებას ჩვენთვის საკუთარი სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობის დათმობის იდეამდე მივეყვანეთ. მინდა, პირდაპირ განვაცხადო, რომ ყარაბაღის საკითხზე მთელი მოლაპარაკებების პროცესი სწორედ ამ ლოგიკაზე იყო აგებული. დიახ, ამ კონფლიქტმა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ზღვარზე მიგვიყვანა, მაგრამ დღეს, ჩვენი მოწამეების თავგანწირვის, თქვენი ტანჯვისა და გაჭირვების წყალობით, მივაღწიეთ იმ წერტილს, სადაც გვაქვს როგორც მშვიდობა, ისე სახელმწიფოს შენარჩუნების შესაძლებლობა, ერთდროულად მშვიდობაც და დამოუკიდებლობაც“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ოპოზიცია, რომელიც ახალი კონსტიტუციის ამ ფორმით მიღებას ეწინააღმდეგება. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოპონენტებს ახალი კონსტიტუციის მისაღებად რეფერენდუმის გამართვა შესთავაზა, რისთვისაც მმართველ პარტიას ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერა და ხმები დასჭირდება.
ამასთან ფაშინიანი აცხადებს, რომ მოქალაქეები თუ არ დაუჭერენ მხარს ახალი კონსტიტუციის პროექტს, ის თანამდებობას დატოვებს.
„სწორედ ამის ჩაშლას ცდილობს „სამთავიანი ომის პარტია“. სწორედ ეს არის მათი პრობლემა და სწორედ ამისთვის ხელის შეშლას ცდილობენ. სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ უარყოფენ ჩემს წინადადებას, რომელიც სრულიად ნათელია და ნებისმიერი ნორმალური ოპოზიციისთვის უბრალოდ ოცნება იქნებოდა? რას ვთავაზობ ოპოზიციას და რატომ? ვინაიდან ეროვნული ასამბლეის ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმებას“ ახალი კონსტიტუციის საკითხზე რეფერენდუმის ინიცირებისთვის ექვსი მანდატი აკლია, ოპოზიციას შემდეგი წინადადებით მივმართე, ახლა კი, სრული პასუხისმგებლობით კვლავ ვიმეორებ ამ წინადადებას პირდაპირ ეთერში, თქვენ თვალწინ – ოპოზიციას ვთავაზობ, ხმა მისცეს გადაწყვეტილებას კონსტიტუციის პროექტის რეფერენდუმზე გატანის შესახებ და ჩვენ ჩავატარებთ საკონსტიტუციო რეფერენდუმს. ამრიგად, თქვენ, სომხეთის რესპუბლიკის ხალხსა და მოქალაქეებს, მოგეცემათ შესაძლებლობა, რეფერენდუმის შედეგებით განსაზღვროთ ახალი კონსტიტუციის ბედი. ჩემი წინადადების გაგრძელება, რომელიც ოპოზიციას უპრეცედენტო შესაძლებლობებს უქმნის, მდგომარეობს შემდეგში: ხალხი კონსტიტუციის წინააღმდეგ თუ მისცემს ხმას, ახალი კონსტიტუცია თუ არ იქნება მიღებული, მე გადავდგები და დავტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, ხოლო ხალხი კონსტიტუციას მხარს თუ დაუჭერს, მომდევნო არჩევნებზე, იქნება ეს მორიგი, თუ ვადამდელი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად აღარ წარვდგები. მომდევნო არჩევნებამდე პერიოდში კი, როგორც პრემიერ-მინისტრი, მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციასა და სამშვიდობო პროცესის დასრულებაზე ვიმუშავებ, რაც, დარწმუნებული ვარ, მოხდება კიდეც. ამრიგად, სომხეთი მიაღწევს სრულიად ახალ, ისტორიულ ეტაპს, როდესაც აღარ მოგვიწევს არჩევანის გაკეთება მშვიდობასა და სახელმწიფოს, მშვიდობასა და დამოუკიდებლობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას, მშვიდობასა და დემოკრატიას შორის. ჩვენ უნდა გვქონდეს მშვიდობაც და დამოუკიდებლობაც, სახელმწიფოც და კეთილდღეობაც, თავისუფლებაც და დემოკრატიაც“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ოპოზიციური პარტიები ინიციატივას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა აზერბაიჯანის მოთხოვნებზე თანხმობას ნიშნავს.