ნიკა ობოლაძე - არჩევნებმა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურობის პრობლემა გააღრმავა
ნიკა ობოლაძე - არჩევნებმა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურობის პრობლემა გააღრმავა

თვითმმართველობის არჩევნებს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურობის პრობლემა არათუ არ მოუხსნია, პირიქით, გააღრმავა. მათ თვითმმართველობის დონეზე დაკარგეს ხელისუფლება, ქართველმა ხალხმა უთხრა უარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხი არ ენდობა.

„კონკრეტულ რაიონებში მოწყვლად ჯგუფებთან სუს-ის და შავი ფულის მუშაობით 1-2 პროცენტის მეტით დაწერა ზოგადად, არ ნიშნავს რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა. პირიქით, ნიშნავს, რომ ისინი არიან სუსტები და ქართველი ხალხი მათ არ ენდობა. კრიზისია, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გადალახა 40%-იანი ზღვარი დიდ ქალაქებში. კრიზისია, რადგან მათ საკრებულოებში დაკარგეს ძალაუფლება. ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავში მათ არ აქვთ საკრებულოში უმრავლესობა და ოპოზიცია არის უმრავლესობაში. მათ შორის ზუგდიდში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ აკომპლექტებს უმრავლესობას. მათ ვერ გაიმარჯვეს თბილისში და რაღაც თეორიული 46% არის მოტანილი და დაბალანსებული იმით, რომ ისეთ მოწყვლად რაიონებში, როგორიც არის ნინოწმინდა, ახალქალაქი, საჩხერე, მარნეული, მათ აიღეს 75-80-90 პროცენტი. ასე დაიწერეს, რადგან ეს რაიონები არის მოწყვლადი.  დიდ ქალაქებში ხალხმა უარი უთხრა „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.