ნიკა ობოლაძე - მზად ვართ, დავთმოთ ჩვენი წილი სიაში, დავთმოთ ნომერი, ბევრი რამის დათმობა შეგვიძლია, თუ შევხედავთ, რომ ხდება დიდი ერთობა, რომელიც შეცვლის „ქართულ ოცნებას“
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა ობოლაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, ოპოზიციის ერთობის შემთხვევაში ბევრი რამ დათმოს.
ობოლაძის თქმით, ოპოზიციის არასწორი მოქმედება შეიძლება იყოს ის ერთადერთი ფაქტორი, რაც ხელს შეუშლის დღევანდელი მთავრობის შეცვლას.
„„ქართულ ოცნებას“ არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. რუსული ხელისუფლების მმართველობის მხარდაჭერა ქართველი ხალხის უმრავლესობას არ უნდა. ერთადერთი, რაც შეიძლება მთავრობის შეცვლის ხელშემშლელი იყოს, ისაა, რომ ოპოზიცია არ მოიქცეს სწორად, დაკარგოს ძალიან ბევრი ხმა, ერთმანეთს დაუწყოს ლანძღვა, ჩხუბი და ა.შ. იმისთვის, რომ იყოს ერთიანი ფრონტი, არ დაიკარგოს ხმები, გავაფორმოთ ხალხის განწყობა, მზად ვართ, ძალიან ბევრი რამ დავთმოთ. მზად ვართ, დავთმოთ ჩვენი წილი სიაში, მზად ვართ, დავთმოთ ნომერი. ძალიან ბევრი რამის დათმობა შეგვიძლია, თუ შევხედავთ, რომ ხდება დიდი ერთობა, რომელიც შეცვლის „ქართულ ოცნებას“. ახლა ერთადერთი საფიქრალია, რა კონფიგურაციით იქნება უფრო მეტად გარანტირებული ქართველი ხალხი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კონფიგურაცია არის ერთი სია, როდესაც არავინ ერთმანეთს არ ლანძღავს ოპოზიციაში, როდესაც ყველას აქვს ერთიანი ფრონტი და როდესაც არცერთი ოპოზიციური ხმა არ იკარგება. ამის იქით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ამომრჩევლებიც, პოლიტიკოსებიც და ყველანი, ყველაფერს მიიღებენ და გაიგებენ, ოღონდ მთავარი მიზანი შესრულდეს და საქართველოს აღარ ჰყავდეს პრორუსული ხელისუფლება. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან ამ ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტები, რომელთაც, პირველ რიგში, არ უნდათ, რომ რუსული მმართველობა გაგრძელდეს. ამიტომ თუ ჩვენ მივაღწევთ დიდ ერთობას და დიდი ერთობისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაღაცები დათმოს, ყველა ყველაფერს კარგად გაიგებს მთავარი მიზნის მიღწევის გამო“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
ცნობისთვის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში დაწერა: „დიდი ერთობა არ არის პარტიული ამბავი, ვისშიც ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსულ თამაშს არ თამაშობენ და არ ითამაშებენ, იმ ადამიანების ერთობაა“. ამასთან, ჯაფარიძე პოსტში აღნიშნავს: „დიდი ერთობის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ კარგავს კვალიფიცური სუბიექტის სტატუსს, 5 ნომერს, პარტიულ დაფინანსებას, არ შეეხებიან არცერთ ძალოვან სტრუქტურას“.