ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როცა გარემო არავისი არ არის და მას პატრონი არ ჰყავს, – ამის შესახებ პოლიტიკურ ცენტრ “გირჩის” წევრმა, ნიკა ობოლაძემ პირველი არხის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ ორი მთავარი პრობლემა გვაქვს. პირველი, საქართველო არის ღარიბი ქვეყანა და კარგ გარემოში ცხოვრება ფუფუნებაა. მეორე, ქონებას, რომელიც გვაქვს, პატრონი არ ჰყავს. ამ ქვეყანაში არსებობს საკუთრების პრობლემა, რადგან ტერიტორიების 85% სახელმწიფოს საკუთრებაშია და გვაქვს სიტუაცია, რომ სახელწიფო იყოს გარემოს პატრონი.
ზოგადად, ადამიანებს კარგ გარემოში ცხოვრება სურთ და როცა ვსაუბრობთ, რომ ჰაერი უნდა იყოს სუფთა, ბეტონის ჯუნგლები არ იყოს, მეტი გამწვანება არსებობდეს და ასე შემდეგ, კარგი იქნება გავიაზროთ, რაზე ვსაუბრობთ. როცა ადამიანი გარემოზე ზემოქმედებს, დაცვის მთავარი ობიექტი არის ადამიანი და არა გარემო, რადგან თავისი საცხოვრებელი გარემოს გასაკეთილშობილებლად ადამიანი გარემოზე ყოველთვის ზემოქმედებდა. შესაბამისად, მივიღეთ ის გარემო, რაშიც დღეს ვცხოვრობთ“,- აღნიშნა ობოლაძემ.
მისი თქმით, დღეს ადამიანები გაცილებით კომფორტულად ცხოვრობენ, ვიდრე მაგალითად, ასი წლის წინ.
„თქვენს კერძო ბინაში არავინ მოვა და გეტყვით, რომ აქ კარადის ნაწილის ნაცვლად ქოთანი უნდა იდგეს, რადგან გამწვანება კარგია. თქვენ უკეთ იცით, კერძო საკუთრებაში გარემო როგორ მოაწყოთ. მაგალითად, ვარკეთილში მცხოვრებ ადამიანს გლდანის რომელიღაც მიკრო რაიონში ეკუთვნის სტადიონი და ამბობს, რომ ჩვენ ერთად ვირჩევთ მერსა და საკრებულოს, რომლებმაც ერთად უნდა გადაწყვიტონ, შეიძლება თუ არა იმ სტადიონზე მაღალსართულიანი კორპუსის აშენება. ვფიქრობ, თუ საკუთრების უფლების მაქსიმალური დეცენტრალიზაცია იქნება, უბნები ადგილზე გადაწყვეტენ, იქ სტადიონი უნდათ თუ – მაღალსართულიანი კორპუსი. ეს მათი გადასაწყვეტია”, – განაცხადა ობოლაძემ.
როგორც ნიკა ობოლაძემ აღნიშნა, სუფთა ჰაერი კარგია, თუმცა შესაძლოა, გარკვეულ აკრძალვებს გვერდითი ეფექტიც ჰქონდეს.
„შემოსავალი ხომ შეუმცირდება ათასობით ადამიანს, ვინც ტექდათვალიერებას ვერ გაივლის?! ანუ, ჩვენ არ ვიცით, როგორ შეიცვლება მათი საცხოვრებელი გარემო”, – განაცხადა ობოლაძემ.