ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განსახილველად საპროცედურო და იურიდიულ კომიტეტებს გადაეცემათ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განსახილველად უნდა გადაეცეს საპროცედურო საკითხთა და წესების, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს.
„მეგობრებო, 35-ე საკითხი გახლავთ საქართველოს გენერალური პროკურორის წინადადება საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით. საქართველოს გენერალური პროკურატურა მოგვმართავს წინასწარი თანხმობის გაცემის თაობაზე, რაც ეხება კონკრეტულად დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს. ეს წინადადება უნდა გადაეცეს საპროცედურო საკითხთა და წესების, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს განსახილველად“, – აღნიშნა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე არჩილ თალალვაძემ.
უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას მიიღებს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „კანონზე მაღლა არავინ დგას, სადეპუტატო იმუნიტეტი არ არსებობს იმისთვის, რომ მართლმსაჯულების აღსრულება შეაფერხოს და დეპუტატს, რომელიც სრულიად ღიად, ცალსახად და შეგნებულად გადის კანონის ჩარჩოებიდან, ხელი დააფაროს“.
მისივე თქმით, როგორც საკომიტეტო დონეზე, ასევე პლენარულ სხდომაზე მიიღებენ იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას, „რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, დადგეს კანონზე მაღლა, შეგნებულად და მიზანმიმართულად მოუწყოს პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობის და თანასწორობის პრინციპებს“.
შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.
თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.
გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.
ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ამოეწურა.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს სწორედ ამ დღეს მიმართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.