ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ.

საკანონმდებლო ორგანოში თავდაპირველად, 09:00 საათზე საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება, რომელზე დასწრების საშუალება თავად ნიკა მელიას და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს ექნებათ.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომის შემდეგ, 12:00 საათზე პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გენერალური პროკურატურის მოთხოვნის შემდეგ დადგა. საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს.

„პარლამენტის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით. იმუნიტეტი ვრცელდება დაკავებასა და ჩხრეკაზე. შესაბამისად,  პროკურატურა ვერ განახორციელებს პარლამენტის წევრის დაკავებას ან ჩხრეკას პარლამენტის თანხმობის გარეშე.

შემოსული არის პროკურატურისგან თხოვნა, რომ დროებით შეუჩერდეს ნიკანორ მელიას იმუნიტეტი. პარლამენტი ამ საკითხზე ბუნებრივია, იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა.