თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა. სხდომა 11:00 საათზე გაიმართება.
ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ პროცესზე სავარაუდოდ, ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
„ნიკა მელიას საქმეზე არსებითი სხდომა სასამართლოში 8 აპრილს ჩაინიშნა. დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, დიდი ალბათობით, რომ სასამართლო ამ პროცესზე მოახდენს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გადასინჯვას. სასამართლოს ვალდებულება აქვს კანონიერი, რომ ორ თვეში ერთხელ უნდა იმსჯელოს, რამდენად არის საფუძველი, რომ გაგრძელდეს ეს უკანონო და პოლიტიკური პატიმრობა. არავის ილუზია არ გვაქვს, რომ სასამართლოში წყდება მსგავსი საკითხი, თუმცა 8 აპრილს ჩვენ მოვისმენთ ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც გაჟღერდება პროცესზე – ტოვებენ თუ არა ნიკა მელიას პატიმრობაში, თუ მას გაათავისუფლებენ უკანონო პატიმრობიდან.
ტექნიკურ საკითხებს რაც შეეხება, ფაქტია, კანონის თვალსაზრისით არავითარი საფუძველი, რომ ნიკა მელია პატიმრობაში დარჩეს, არ არსებობს. ვინაიდან თვითონ პროკურატურის პოზიციიდან გამომდინარე, ეს პატიმრობა არ არის უალტერნატივო. მოსამართლეს უფლება არ აქვს, პირი პატიმრობაში დატოვოს, თუკი პატიმრობა არ არის უალტერნატივო და სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს. ჩვენი პოზიცია არის, რომ ნიკა მელიას საერთოდ არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა შეეფარდოს. იგი არის უკანონო და პოლიტიკურ პატიმრობაში და უნდა გათავისუფლდეს. პროკურატურის პოზიციას მოვისმენთ, დიდი იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება და სასამართლო 8 აპრილს ნიკა მელიას უკანონო პოლიტიკურ პატიმრობას დაასრულებს“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
კითხვაზე, დაესწრება თუ არა ბრალდებული ნიკა მელია პროცესს, კონდახიშვილის თქმით, ამის შესახებ სასამართლოს ის შუამდგომლობით მიმართავს.
„ნიკა მელიას, ვინაიდან აკრძალული აქვს სასამართლო სხდომებზე დასწრება, ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ მას მიეცეს უფლება დაესწროს სასამართლო პროცესს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. ჩვენ შუამდგომლობის დაყენებას ვაპირებთ. ასევე ვაპირებთ არაერთი შუამდგომლობის დაყენებას საქმეზე უმნიშვნელოვანესი ახალი მტკიცებულებების დართვის თვალსაზრისით, რაც კიდევ უფრო ნათელს გახდის ნიკა მელიას მიმართ კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას“,- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.