ნიკა მელიას საქმეზე ორმა სამართალდამცველმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ნიკა მელიას საქმეზე ორმა სამართალდამცველმა სასამართლოს ჩვენება მისცა

ნიკა მელიას საქმეზე ორმა სამართალდამცველმა სასამართლოს ჩვენება მისცა, მათ შორის ერთ-ერთი ვაკის სამმართველოს უფროსის მოადგილეა, რომელმაც 20-21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციის დროს ფიზიკური დაზიანება მიიღო.

გიორგი გაბელაია აქციის დროს სამედიცინო დაწესებულებაში ნეკნის მოტეხილობის გამო გადაიყვანეს. მოწმის განცხადებით, რუსთაველზე პირველ ეტაპზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაიწყო, ვითარება კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიკა მელიამ აქციაზე შეკრებილებს მიმართა და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აქციაზე შეკრებილები სამართალდამცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„20 ივნისს მე და ჩემი თანამშრომლები რუსთაველის ქუჩაზე ვიყავით. დაახლოებით 5 საათზე გამოვცხადდით იქ, იმართებოდა აქცია და უბრალოდ სამოქალაქო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გამოვცხადდით. სიტუაცია დაიძაბა დაახლოებით 22:00 საათზე, როდესაც ნიკა მელიამ გააკეთა განცხადება. ბიჭების შეძახილებიც მახსოვს, დახმარებას რომ გვთხოვდნენ. ბოთლები ცვიოდა, რავი გვაგინებდნენ, აგრესია იყო ყველაფერი. მე დაზიანება მივიღე, ნეკნის მოტეხილობა მქონდა და სასწრაფოს მანქანითაც წამიყვანეს. მე ჩემი გაჭირვება მქონდა ცალკე, ვეღარ ვსუნთქავდი, აქეთ მაგინებდნენ და ზუსტად დეტალები და შეძახილები არ მახსოვს“, – განაცხადა გიორგი გაბელაიამ.

მეორე სამართალდამცველმა, გიორგი ბატიაშვილმა კი ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეების მიერ პოლიციელების მისამართით აგრესია ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო.

„გორის სამმართველოდან ჩამოვედით ჩვენი უფროსის მითითებით. მიზანი იყო სამოქალაქო წესრიგის დაცვა. მახსოვს თავიდან მშვიდობიანად დაიწყო აქცია. დაახლოებით, 21:00-დან 22:00 საათამდე სიტყვით გამოვიდა ნიკა მელია და ამ გამოსვლის შემდეგ დაიწყო არეულობა. ის მოუწოდებდა იქ შეკრებილებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში. ამის მერე ხალხის მასამ დაიწყო პოლიციელებზე მიწოლა, ვუყურებდით, რომ ამ მოწოლასთან ერთად აგრესია იყო პოლიციის თანამშრომლების მიმართ. ამის შემდეგ ჩვენც სამმართველოს უფროსის მოადგილის მითითებით პარლამენტის შენობის ეზოში გადავინაცვლეთ“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

თავად ნიკა მელია სხდომას არ ესწრებოდა, რადგან ის მოსამართლის გადაწყვეტილებით პროცესიდან გაძევებულია.