ნიკა მელიას სასამართლო სხდომა გადაიდო. პროცესზე მხარეებს შორის მწვავე კამათიც გაიმართა.
პროცესის გადადება ნიკა მელიას ადვოკატმა მოითხოვა, რომლის თქმითაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს წინაშე დადებული შეთანხმება დაარღვია.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ორი მოწმე წარადგინა, რომელთა გამოკითხვის წინააღმდეგ დაცვის მხარე წავიდა.
ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, პროკურატურამ მათ წინასწარ არ აცნობა, რა მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმებოდა სხდომაზე, რითაც მათი შეთანხმება დაირღვა.
გიორგი კონდახაშვილმა სხდომის გადადების მიზეზად ნიკა მელიასთან შეხვედრის აუცილებლობა და მასთან დაცვის სტრატეგიაზე შეთანხმება დაასახელა.
პროკურორ ამირან გულუაშვილის განმარტებით კი მისთვის ყოველთვის წინასწარ არ არის ცნობილი, რომელი მოწმე შეძლებს სასამართლოში გამოცხადებას.
„დღეს გადაიდო სხდომა იმ მოტივით, რომ დაცვის მხარეს დრო სჭირდებოდა. ჯერ კიდევ 25 მაისს, სხდომამდე მოითხოვეს საქმის გადადება იმ მოტივაციით, რომ არ იცოდნენ, ბრალდების მხარე რომელი ჩანაწერის გამოკვლევას აპირებდა. ბრალდებას ყველა ჩანაწერი, მოწმეთა ჩვენებები და აბსოლუტურად ყველა ფურცელი გადაცემული აქვს დაცვისთვის ჯერ კიდევ ორი წლის წინ. მათი არგუმენტაცია მდგომარეობს იმაში, რომ ზუსტად უნდა იცოდნენ, რას გამოიკვლევენ. დღესაც იგივე ვიხილეთ. ჩვენ გადავეცით იმ მოწმეების სია, რომელთა დაკითხვას პირველადად ვაპირებთ და დამატებითი კომფორტი შევუქმენით. მიუხედავად ამისა, ადვოკატმა განაცხადა, რომ სახელები არ იყო ცნობილი და ვერ მიიღებს პროცესში მონაწილეობას“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.