ნიკა მელიას საქმეზე დღეს სამი მოწმე დაიკითხა
ნიკა მელიას საქმეზე დღეს სამი მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე დღეს სამი მოწმე დაიკითხა. სხდომაზე, რომელიც ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჟურნალისტ ნათია ბერიძესა და ორ სამართალდამცველს მოუსმინეს.

ნათია ბერიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ გაიგო, 20 ივნისს როგორ საუბრობდნენ პოლიტიკოსები და იღებდნენ ნიკა მელიას მითითებს პარლამენტში შეჭრასთან დაკავშირებით. იგივე დაადასტურეს პოლიციელებმაც.

ნიკა მელიას ადვოკატები ეჭვქვეშ აყენებენ ჟურნალისტ ნათია ბერიძის ჩვენებას.

გიორგი კონდახიშვილის თქმით, ჟურნალისტი იყო რამდენიმე ფეისბუქგვერდის ადმინისტრატორი, რომელიც ავრცელებდა ცრუ ინფორმაციებს და ამის გამო, „ფეისბუქმა“ გვერდები გაუუქმა.

„ადამიანი, რომელიც შემჩნეულია, რომ „ტროლობით“ იყო დაკავებული, იყო ბევრი ფეისბუქპლატფორმის ადმინისტრატორი, რომელიც სიცრუის ტირაჟირების გამო, ფეისბუქმა თავად გააუქმა. ადამიანი, რომელიც მოვიდა განწყობით, რომ ადვოკატები და დანარჩენი საქართველო მეორე მხარეა, ადამიანი, რომელიც მუშაობს ტელევიზიაში, რომლის ხელმძღვანელის პოზიციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მტერია. ჩვენებებში ამბობს, თითქოს ნიკა მელია გაჰკიოდა, რომ ვარდების რევოლუცია უნდა მოეწყოთ. ეს ერთი-ერთში აქვთ გამეორებული საკუთარ ჩვენებაში პოლიციელებს, გამოხატავდა აშკარა აგრესიას დაცვის მხარის მიმართ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ნიკა მელიას საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე მოწმე ნათია ბერიძის ე.წ. ფეიქნიუსთან კავშირს ვერანაირი დოკუმენტით ვერ ადასტურებს.

პროკურორის თქმით, დაცვის მხარე მათ მიერ წარმოდგენილი მოწმის დისკრედიტაციას ცდილობს. მისი თქმით, დღეს წარმოდგენილი ყველა მოწმე ადასტურებს ბრალდების მიერ გამოთქმულ პოზიციას.

„მოწმეები სრულად ადასტურებენ ბრალდების მხარის პოზიციას. მათ თქვეს, რომ მელია მოუწოდებდა შეკრებილ მოქალაქეებს პარლამენტში შეჭრისკენ და რევოლუციისკენ. ჩართული იყო ძალადობრივ ქმედებებში და მოუწოდებდა ხალხს, ძალადობრივი ქმედებებით გაერღვიათ პოლიციელთა კორდონი. ის პრეტენზია, რაც დაცვამ დაასახელა ნათია ბერიძეზე, თითქოს ცრუ ინფორმაციებს ავრცელებდა სხვადასხვა გვერდებით, ეს მოწმემ კატეგორიულად უარყო და ამას ვერც დაცვის მხარე ვერ აკონკრეტებს ვერანაირი მტკიცებულებებით“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ნიკა მელია საქმის განხილვას არ ესწრებოდა, რადგან ის მოსამართლის მიერ სხდომიდან გაძევებულია.

ნიკა მელიას 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.