ნიკა მელიას ინფორმაციით, გლდანულაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას გაურკვეველმა პირმა საცხოვრებელი კორპუსიდან ქვები დაუშინა
გლდანის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციით, გლდანულაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას გაურკვეველმა პირმა მათ საცხოვრებელი კორპუსიდან ქვები დაუშინა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ნიკა მელიას განცხადებით, თავდამსხმელის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი მომხდარში „ქართული ოცნების“ ბრალეულობას ხედავს და ქმედებას მიზანმიმართულს უწოდებს.
„ვესაუბრებოდი ქალბატონებს, რა დროსაც არანორმალურმა ადამიანმა, ვინც დაავალა ამ მძიმე დანაშაულის ჩადენა და ვინც განახორციელა, ისროლა ქვა რომელიღაც მაღალი სართულიდან ან სახურავიდან, ვერ გეტყვით, შეუძლებელი იყო დანახვა. ვერავინ დაშავდებოდა აქ, მყისიერი სიკვდილი დადგებოდა, ვინმეს რომ მოხვედროდა. გააზრებული არ აქვს ხელისუფლებას, რა ჩაადენინა „ქართული ოცნების“ რომელიღაც ადგილობრივმა მესვეურმა ვიღაც აქტივისტს. იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში პირველივე ტურში მარცხდება გლდანის რაიონში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.