ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ სხდომათა დარბაზში ხმაური იყო [ვიდეო]

„ამნისტიის შესახებ კანონპროექტის“ განხილვისას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება ნიკა მელიას გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც სხდომათა დარბაზში ისაუბრა მის მიმართ იმუნიტეტის შეჩერებასა და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე.

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ დაასრულა გამოსვლა, მისი გამოსვლა ადგილიდან გააპროტესტა მიხეილ ყაველაშვილმა, მან ნიკა მელიას მიმართა, რომ ორი თვე იყო ციხეში და ახლა ცდილობს, მსხვერპლის მანტიის მორგებას. მიხეილ ყაველაშვილმა მიმართა მელიას, რომ საკუთარი ხელისუფლების პირობებში 300 ათასი პრობაციონერი ჰყავდათ და ყველა უბანში ადამიანებს იჭერდნენ.

ყაველაშვილის თქმით, ნიკა მელია ციხეში თავისი ნებით წავიდა და შეურაცხყოფას აყენებდა სახელმწიფოს საკუთარი გადაწყვეტილებით, როდესაც სამაჯური მოიხსნა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვა. ამ დაპირისპირებაში ჩაერთნენ უმრავლესობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებიც.