ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სამართალდამცველებმა მისცეს ჩვენება.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.
„დღეს წარმოდგენილმა მოწმეებმა აღნიშნეს ფაქტი, რომ იყო დაძაბულობა და მიიღეს გარკვეული დაზიანებები, თუმცა რა კავშირი ჰქონდა ამას ნიკა მელიასთან, მოწმეებმა ვერ განმარტეს. არც ერთ მათგანს საერთოდ შემხებლობა არ ჰქონია ნიკა მელიასთან და არც ნიკა მელიას მოწოდება გაუგიათ“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.
პროკურორ ამირან გულუაშვილის თქმით, სასამართლოზე დაიკითხა სამი მოწმე, პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აქციის მიმდინარეობისას, მომიტინგეთა ძალადობრივად განწყობილი ჯგუფის მხრიდან უშუალოდ დაზარალდნენ.
„მოცემული მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ ნიკანორ მელიას მოწოდებების შემდგომ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. მოპოვებული მასალების თანახმად, ნიკანორ მელია უშუალოდ ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა ძალადობრივ ქმედებებში, რომელიც მისი მოწოდებით დაიწყო. დღეს მოვისმინეთ ამ ძალადობრივი ქმედების შედეგად დაზარალებული სამი პოლიციელის ჩვენება, რომლებმაც დეტალურად აღწერეს, რა მდგომარეობა იყო აქციის მიმდინარეობის დროს და რა დაზიანებები მიიღეს მათ. რაც შეეხება ნიკანორ მელიას ქმედებას და მის უშუალო ბრალეულობას, მოგეხსენებათ, რომ მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ერთობლიობაში სხვა მტკიცებულებებთან ერთად“, – აღნიშნა პროკურორმა.
ნიკა მელის საქმის განხილვა 9 სექტემბერს მოწმეების ჩვენებებით გაგრძელდება.