ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა
ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა. რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან მელიას ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები დახვდნენ.

მოსამართლემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. ნიკა მელიას პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. გირაოს თანხა, 40 000 ლარი, ევროკავშირის ეგიდით „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ 8 მაისს გამოყო.

სასამართლო სხდომას მელია არ დასწრებია, რადგანაც საქმის განხილვის ფარგლებში, ის მოსამართლემ სასამართლო პროცესიდან გააძევა.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო და დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები შეუფარდა, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაო არ გადაიხადა, რის გამოც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.