ნიკა მელია - ზვიად კუპრავას იჭერენ კატლეტისა და წიწიბურის ჭამის გამო, ამას ვერ შევეგუებით
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას საქმესთან დაკავშირებით ფეისბუქზე ვიდეომიმართვას ავრცელებს.
„მინდა, გამოვეხმაურო ზვიად კუპრავას საქმეს, რომელიც სასამართლოს ბუფეტში მიირთმევდა კატლეტს და წიწიბურას, მივიდა პოლიცია და ამოდიო უთხრა. დაუწყეს ჯაჯგური და მან უპასუხა, რომ მკიდია მოსამართლე, დავამთავრებ საჭმელს და ამოვალო. ამის გამო ხუთი თვეა, კუპრავა ციხეშია ხალხნო, უპრეცედენტო საქმეა. მას ეს არ უთქვამს დარბაზში, თქვა ბუფეტში და მოსამართლის უხეშად მოხსენიების გამო ადამიანს იჭერენ.
მოსამართლე ელენე, გვარად გოგუაძე ხვალ 10:00 საათზე აპირებს ამ ენით აღუწერელი გადაწყვეტილების მიღებას. ზვიად კუპრავას ეს საქმე საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ მართლმსაჯულება არ არსებობს. ყველაფერი ერთი კაცის ხელშია, ბიძინა ივანიშვილი წყვეტს ყველაფერს. მგონი, ვალდებულებიც ვართ, თავი დავიცვათ. კაცს იჭერენ წიწიბურას და კატლეტის ჭამის გამო, ამას ვერ შევეგუებით. ხმა ყველამ ერთად უნდა ამოვიღოთ, მივმართავ არასამთავრობოებსაც. დაველოდოთ ხვალინდელ გადაწყვეტილებას და მერე შევიკრიბოთ და გადავწყვიტოთ, რა ვიღონოთ. ბევრმა ეს დეტალები არ იცის, რატომ იჭერენ ორი წლით ზვიად კუპრავას და მინდოდა ამის ახსნა“, – აცხადებს ნიკა მელია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძე „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას საქმეზე გადაწყვეტილებას პირველ აგვისტოს გამოაცხადებს. სხდომა 10:00 საათზე ჩაინიშნა.