გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას, ზვიად კუპრავასა და ბაჩო დოლიძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა.
მოსამართლე ნათია ბუსკაძემ ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე 2000-2000 ლარით დააჯარიმა.
მოსამართლემ სამივე მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ირაკლი ეძგვერაძემ 22 სექტემბერს განაცხადა, რომ მას გლდანში, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. მოგვიანებით კი ადგილზე ვითარება დაიძაბა. გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ სამი პირი, პარტიის წევრები: ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა. ისინი ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებული. 24 სექტემბერს ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.