ნიკა მელია - ზუსტად ვიცი, აუდიოჩანაწერის გავრცელება ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია, ჩათვალა, რომ ამას შეეძლო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა
ნიკა მელია - ზუსტად ვიცი, აუდიოჩანაწერის გავრცელება ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია, ჩათვალა, რომ ამას შეეძლო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა

ზუსტად ვიცი, აუდიოჩანაწერის გავრცელება ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია, ჩათვალა, რომ ამას შეეძლო, არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ჩანაწერის გავრცელებით ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელეს და დიდი სხვაობით წააგებენ არჩევნებს.

ამასთან, როგორც მელიამ აღნიშნა, ზუსტად იცის ის პოლიტიკოსები, რომლებიც აღნიშნულ ჩანაწერებს რეგიონებსა და თბილისში პარტიის აქტიურ წევრებს ასმენინებდნენ.

„უკანონო მეთოდებით მოპოვებული აუდიო-ვიდეოჩანაწერები არის იმდენად დიდი სიბინძურე, მის შინაარსში შესვლა ნიშნავს მის ლეგიტიმაციას. ფენომენი – ფარული მიყურადება კონკრეტული დანაშაულია. ამ დანაშაულის ჩადენის შედეგად, თუ გავლენა უნდა ვინმეს მოიპოვოს პარტიის შიგნით, ხვალ ქვეყნის მმართველობისას გამოიყენებენ. ის ადამიანები, ვინც დღეს ვანო მერაბიშვილის გუნდის წევრები არიან, 2012 წელის ციხის კადრები რომ გავრცელდა, დღესაც გეტყვიან, რომ ადამიანების ემოციებზე უნდოდათ თამაში, ამიტომ წინასაარჩევნო კამპანიაში გაავრცელეს და შედეგად, სახელმწიფო დაიღუპა. ახლა რატომ აკეთებს იმავეს ვიღაც წინასაარჩევნო კამპანიაში,  იმავენაირად ემოციებზე თამაში ხომ არ უნდათ, ის შედეგი რომ დაფიქსირებულიყო, რომელიც შეუძლებელია, დაფიქსირდეს? ფარული მიყურადება, უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერი ერთია, მაგრამ თვე-ნახევრის განმავლობაში ადამიანები, რომლებიც მე მიპირისპირდებიან, ამ ჩანაწერებს საკუთარ მობილურ ტელეფონებში დაატარებდნენ და ასმენინებდნენ კონკრეტულ ადამიანებს. ეს ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ბევრმა აქტიურმა წევრმა იცის, რეგიონშიც და თბილისშიც. გავრცელდა ეს ჩანაწერი და შემდეგ განცხადებით დაგმეს. რა პასუხი გასცეს იმ ასობით ადამიანს, რომლებსაც მოასმენინეს. მე როცა ვიცი დანამდვილებით კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც დაატარებდნენ ამ ჩანაწერებს, ახლა რომ ვთქვა, სუს-მა მოიპოვა ეს ჩანაწერი, მიაწოდა ამ ბატონებს და მერე დაარბენინებდნენ სხვადასხვა ადგილას, ეს ვერსია მათ კარგ მდგომარეობაში ჩააყენებს?! დიახ, მე მაქვს არათუ გონივრული ეჭვი, ვარაუდიც არა, ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი. მან ჩათვალა, რომ ამ აუდიოჩანაწერის გავრცელებას შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე. მეტიც, ახლა ვფიქრობ, ლევან ხაბეიშვილი კანდიდატად რომ წარადგინეს, ჩემთვის ამოუხსნელი იყო, ამ მდგომარეობაში რატომ აყენებდნენ ადამიანს, რადგან მისი გამარჯვების თეორიულ შანსსაც ვერ ვხედავდი. ახლა გავაკეთე დასკვნა, ალბათ ამ ბატონს ჰქონდა იმედი, ეგულებოდა ეს ჩანაწერი, იფიქრა, მელიას რა კანდიდატიტაც არ უნდა დავუპირისპირდე, მე ჯოკერი მაქვს, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ამას გავავრცელებინებ ვიღაცას. რთულია ბევრისთვის ამაზე საუბარი, ამორალურობაა, ჩემთვის მორალური დაცემის მაგალითია. ვფიქრობ, ამ ჩანაწერის ეიმედებოდათ, სინამდვილეში პირიქით მოხდა, ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელეს და დიდი სხვაობით წააგებენ ამ არჩევნებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა უდიდეს ნაწილს უნდა განვითარებულ, დემოკრატიულ, ფორმალური მმართველობის ქვეშ ცხოვრება, სადაც მსგავსი სიბინძურე წარსულს ჩაბარდება. ამოტივტივდა ზედაპირზე ის მანკიერება, რომელსაც მე არასოდეს მივესალმებოდი და თუკი რამე არ მომწონდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, ზუსტად ეს მეთოდებია, ბევრჯერ მითქვამს. ეს ბევრ იმ ადამიანს არ მოსწონდა 2012 წელს, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცა ხმა და დღეს ამ მოძრაობის ამომრჩეველია“, – განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ამასთან, მელიამ აღნიშნა: „ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას ოდესმე იკადრებდნენ“.

„ყოველთვის მქონდა მყარი განცდა, რომ პოლიტიკური პოტენციალი და მასშტაბი გაცილებით დიდია იმ ჯგუფში, რომელსაც ახალ უპირისპირდებიან კეზერაშვილი და მერებაშვილი, თუკი ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებზე ვსაუბრობთ, რომლებსაც შეუძლიათ საქმე რეალობად აქციონ, ვიდრე იმ ადამიანების შემთხვევაში. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას ოდესმე იკადრებდნენ. ხელისუფლებაში რომ იყოს ასეთი ადამიანი, არ იკადრებს? არათუ არ იკადრებს, ბევრად უარესს იკადრებს“, – აღნიშნა მელიამ.

სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.