ნიკა მელია - ზურაბიშვილის რიტორიკის შეცვლა მისასალმებელია, თუმცა არ მინდა, ორმაგი სტანდარტით ვიხელმძღვანელო, მიუღებელია, „ქართულ ოცნებას“ ეძახდე რუსულ ხელისუფლებას, თან თანამდებობებს იღებდე
„ქართული ოცნების” ხელისუფლების ნათქვამი და ნამოქმედარი კრიტიკასაც ვერ უძლებს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისასალმებელია, რაც უფრო დრო გადის, მისი რიტორიკა მით უფრო შესაბამისობაში მოდის ქართველი ხალხის ნებასა და საერთაშორისო კონტექსტთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში კონტექსტი შეიცვალა და შეიცვალა ზურაბიშვილის რიტორიკაც.
„ეს მისასალმებელია. რა თქმა უნდა, გვინდა და ვითხოვთ მეტს, გვაქვს მეტის სურვილი, თუმცა არ მინდა, ორმაგი სტანდარტით ვიხელმძღვანელო. ჩემთვის მიუღებელია, „ქართული ოცნების” ხელისუფლებას სამართლიანად ეძახდე რუსულ ხელისუფლებას და ამავე დროს, ცდილობდე ამ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობას და თანამდებობებსაც იღებდე მისგან, ეს ჩემთვის მიუღებელია და ორმაგი სტანდარტია. შედეგზე არაორიენტირებულია, სთხოვდე ზურაბიშვილს, რომ დაუბრუნოს თავისუფლება ნიკა გვარამიას, რომელიც აბსოლუტურად დაუმსახურებლად არის ციხეში, და ამავე დროს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდე და შეურაცხყოფას აყენებდე“, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის არა ვალდებულება, არამედ უფლებაა, შეიწყალოს ამ შემთხვევაში პოლიტპატიმარი.
„ვცდილობ, ვიყო რაციონალური, პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის ეს მართლაც მისასალმებელი რიტორიკა, რომელსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ბოლო თვეებია და რომელიც დრამატულად განსხვავდება წინა წლების რიტორიკისგან, ახლა დაგვირგვინდეს კონკრეტული ქმედებით. ის ამას რამდენად გააკეთებს, მისი გადაწყვეტილებაა და უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.