ნიკა მელია - ზოგი ჭირი მარგებელია, ხშირად ვამბობ კერძო საუბრებში, რომ პარტიაში არჩევნების შედეგები დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა
ზოგი ჭირი მარგებელია, ხშირად ვამბობ კერძო საუბრებში, რომ პარტიაში არჩევნების შედეგები დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, თავს ვთვლიდე ასიათასობით ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქის თანამოაზრედ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ ბრძოლაში, რომელსაც მართებულად ვუწოდებთ ცივილიზაციურ ბრძოლას. მნიშვნელოვანია და მჯერა, რომ ვარ იქ, სადაც არის ხალხის ნება და ვარ იქ, სადაც არის მართალი სიტყვა. პოლიტიკაში ყოფნისას ჩემთვის მნიშვნელოვანია ლეგიტიმაციის მთავარი წყარო – ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქე და ძალიან აქტიურად ვარ ამ პროცესში ჩართული. თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ დღეის მდგომარეობით, თუ ვინმე არის ძალიან აქტიურად კომუნიკაციაში საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ვარ მე, ჩემს ძალიან ბევრ თანამოაზრესთან ერთად“, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, 2012 წლის არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის შენების გამო კი არ წაუგია, არამედ ძალმომრეობის, ძალოვან უწყებებზე კონტროლის მექანიზმის არარსებობის გამო და ა.შ. და მისთვის მტკივნეულია, როცა 2023 წელს რიგი ადამიანების მხრიდან ხედავს ამ მანკიერებების რესტავრაციის მცდელობას, რაც საზოგადოების მხრიდან ვერასოდეს იქნება მხარდაჭერილი.
როგორც მელიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ მენეჯმენტთან კოორდინაცია არ აქვს.
„არსებულ პარტიულ მენეჯმენტთან კოორდინაცია, რა თქმა უნდა, არ არსებობს. არსებობს საკითხები, რომლის გარშემოც ბუნებრივად ხდება კონსოლიდაცია, არა მხოლოდ ერთი ცალკე აღებული, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, არამედ მთელი საზოგადოების მხრიდან. არის ეროვნული საკითხები, რომელზეც უსიტყვოდ, შეთანხმების გარეშეც ხდება კონსოლიდაცია და ერთ ფერხულში ჩადგომა“, – განაცხადა მელიამ.
ამასთან, მელიამ განაცხადა, რომ დღეს პარლამენტართა უმრავლესობა ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს.
„ზუსტად ვიცი, რომ დღეს პარლამენტარების უმრავლესობა ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს. ამაზე თავს დავდებ, რომ დღეს პარლამენტართა აბსოლუტური უმრავლესობა არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესს. ძალიან მალე მოვა დრო, დადგება რეალობა, რომელიც არ იქნება ასეთი, როგორიც არის, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ხალხის ნებასთან და აქედანაც გამომდინარეობს ბევრი პრობლემა. პირველ რიგში, აღარ იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, რომელიც მხოლოდ სახელწოდებით შეიძლება, მოიხსენიებოდეს, როგორც ქართული და რომელიც შინაარსით თავიდან ბოლომდე, თხემით ტერფამდე არის უკვე რუსული. იმედი მაქვს, შემდეგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში ძალიან მცირე ნაწილით იქნება წარმოდგენილი და იქნება მეტად ადეკვატური“, – განაცხადა მელიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ამ ცვლილების გარდაუვალობა იმ პირობებში, როდესაც ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას დღეს ერთიანობის პრობლემა აქვს, რაც შიდა არჩევნების შემდეგ უფრო გამწვავდა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ყველაფერს მომავალი აჩვენებს.
„პირიქით, სადაც არ ელოდება გარღვევას „ქართული ოცნება“, იქ მოხდება. ყველაფერი, რაც ხდება, ხდება უკეთესობისთვის. ხდება პროცესის კრისტალიზაცია. საზოგადოება სულ უფრო და უფრო უკეთ იცნობს ამა თუ იმ პოლიტიკოსს, თუ პოლიტიკურ ჯგუფებს და ვფიქრობ, საზოგადოებას მხარდაჭერა ექნება იმ პოლიტიკური ძალების, პოლიტიკოსების მიმართ, სადაც დაინახავენ საკითხებისადმი წრფელ დამოკიდებულებას და არა თვალთმაქცობას, არაფორმალური მმართველების შემსრულებლებად ქცევას“, – განაცხადა მელიამ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად ჰქონდა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილს, შესაძლოა, ევროპარლამენტში განცხადება გაეკეთებინა მიხეილ სააკაშვილზე ან ნიკა გვარამიაზე, რისი მოლოდინიც რამდენიმე ოპოზიციონერმა ლიდერმა გამოთქვა, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ მას სალომე ზურაბიშვილისგან არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ის ამ ტრიბუნიდან საკითხს საფუძვლიანად შეეხებოდა.
„დრო ახლა ქართულ სახელმწიფოზე არ მუშაობს, მაშინ როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობის ცნება ნორმად არის ქცეული და ქალბატონ ზურაბიშვილს შეუძლია, ამას დროებით მაინც დაუსვას წერტილი. დაველოდოთ მომავალ პერიოდს და ნათელი გახდება, თუ რა ნაბიჯს გადადგამს იგი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.